საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას ითვალისწინებს. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა.
მათივე ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, მრავალსართულიანი ავტოსადგომისა და პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობის მშენებლობა, ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი და ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.
ფონდმა მიმდინარე წლის სექტემბერში დაბა ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დაასრულა. გზის მშენებლობას კურორტ ბაკურიანის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება.