„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გაზგამანაწილებელ კომპანიებს მოწყობილობების შემოწმების შესაძლებლობა მისცენ"

მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გაზგამანაწილებელ კომპანიებს მოწყობილობების შემოწმების შესაძლებლობა მისცენ, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს, გურამიშვილის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალებული იოსებ ჯავახიშვილი მოინახულა. პაციენტი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა გაზის მომხმარებლებს მოუწოდა, მისცენ შესაძლებლობა გაზგამანაწილებელ კომპანიებს, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.

ნათია თურნავას განცხადებით, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთა ჯანმრთელობა და მათი მდგომარეობაა.

„ჩვენ გავამკაცრეთ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული რეგულაციები. გაზგამანაწილებელი კომპანიები გეგმურ შემოვლას ახორციელებენ და ყველა იმ აბონენტს ამოწმებენ, სადაც გაზის მოწყობილობებია დამონტაჟებული. თუკი მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა ამ ყველაფერს, ასეთი შემთხვევების პრევენცია რთული იქნება. ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს - დადგა გათბობის სეზონი და მაქიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ და შეამოწმონ მოწყობილობები. თუ აუცილებელი გახდა გამოცვლა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს მოწყობილობები, თვითნებურად არ მიაერთონ, რადგან საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. არ უნდა შეუქმნან საფრთხე არც საკუთარ თავს და არც მეზობლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების წესების გამკაცრების კუთხით, სავალდებულო წესით შემოვა დეტექტორების დამონტაჟება.

„ეს შეეხება როგორც ახალ მშენებლობებს, ასევე ძველ მშენებლობებს. ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი, რომელიც შეგვატყობინებს საფრთხეს და დაგვიცავს უბედური შემთხვევისაგან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.