დიმიტრი მედვედევი უკრაინისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტას არ გამორიცხავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა რუსული გამოცემა "ვედომოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თუ უკრაინის ხელისუფლება ყირიმისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვებს დააწესებს, რუსეთი სიმეტრიულად იმოქმედებს.

"ყირიმში ჩვენ უნდა შევქმნათ ავტონომიური ენერგეტიკა, რომელიც რუსეთზე იქნება მიბმული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირიმი ენერგოდეფიციტული ტერიტორიაა, ესეც პოლიტიკური თამაშის ფაქტორი ხდება. თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი უფრო რთულადაა. უკრაინის ცალკეული ნაწილებიც ენერგოდეფიციტულია და ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდება. იმას, ვინც ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს ყირიმისთვის ენერგიის მიწოდების შეზღუდვაზე, უნდა ესმოდეს, რომ შესაძლოა, ამას სიმეტრიული ზომები მოჰყვეს", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.