„კითხვა მაქვს, დედაქალაქის მერთან და კომპანიის წარმომადგენელთან, ისანში, დიდი დიღომში რომ მოხდა შემთხვევა, პრევენციისთვის რა გააკეთეს?!"

ყველაზე ცუდი არის ის ამბავი, რომ ამ ქალაქში დაზიანებები როცა მოხდება, მერე გაახსენდებათ თანამდებობის პირებს, რომ თურმე პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ,- ამის შესახებ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გურამიშვილის გამზირზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბეიშვილი მოუწოდებს პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც თბილისის მერმა, ასევე შესაბამისი კომპანიის წარმომადგენლებმა და დროულად დაიწყონ დეტექტორების დამონტაჟება ყველა სადარბაზოში.

„კითხვა მაქვს, ამ კომპანიის წარმომადგენელთან და დედაქალაქის მერთანაც, ისანში, დიდი დიღომში რომ მოხდა შემთხვევა, პრევენციისთვის რა გააკეთეს?! როცა ასობით მილიონ ლარს შოულობს ეს კომპანია გადასახადების სახით. ერთი წუთი რომ დააგვიანოთ გაზის თანხის გადახდა, აუცილებლად ჩაგიჭრიან. რა გახდა ის, რომ ყველა სადარბაზოში დეტექტორები დააყენონ, რათა ასეთ მძიმე ფაქტებს არ ჰქონდეს ადგილი. რაც მოვისმინე ადამიანებისგან, მათ შორის, კომპანიის წარმომადგენლებისგან, ამბობენ, რომ კუსტარულად დამზადებული გამათბობლის შესახებ იცოდნენ, მიუხედავად ამისა, თურმე კონკრეტული ადამიანი არ უშვებდა სახლში. სასწრაფოდ ზომებია მისაღები პრევენციისთვის, მათ შორის, დედაქალაქის მერი მოქალაქებს დაჰპირდა წინა აფეთქებისას, რომ პრევენციულ ზომებს მიიღებდნენ და ამ მიმართულებით მუშაობა გამკაცრდებოდა. ხვალ ეს ამბავი დამთავრდება და ეს ერთი კვირის მერე აღარ გაახსენდება არც ქალბატონ თურნავას, არც კახი კალაძეს და არც კომპანიის წარმომადგენლებს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.