„ჰამერი“ ბაზარზე ელექტრომობილებით დაბრუნდება

დაახლოებით ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჯენერალ მოტორსმა“ თავისი პოპულარული ბრენდი „ჰამერი“ გააჩერა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, მცირე გაყიდვები და გამონაბოლქვზე თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობა. მაგრამ როგორც ჩანს, „ჰამერის“ უქმეობა დასასრულს მიუახლოვდა.

„როიტერსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გენერლები „ჰამერის“ გაცოცხლებას აპირებენ, ოღონდ ამ სახელით მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებენ. რა თქმა უნდა, ახალ გამაში პიკაპები და უგზოობის მოდელები შევა.

„ჰამერის“ ავტომობილებს „ჯენერალ მოტორსის“ დეტროიტ-ჰამტრამკის ქარხანა გამოუშვებს, რომელიც კომპანიამ პროფკავშირებთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად არ დახურა. წარმოება 2021 წელს დაიწყება. ქარხნის მოდერნიზაციას 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოხმარდება.

„ჰამერის“ ახალ ავტომობილებზე არაფერია ცნობილი. „როიტერსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყარო ვარაუდობს, რომ ეს ელექტრომობილები პრემიუმ კლასის იქნება. „როიტერსის“ ინფორმაციით, „ჰამერის“ აღდგენა შედის ამერიკული კომპანიის პროგრამაში, რომელიც ელექტრული პიკაპების და უგზოობის მოდელების ინტენსიურ წარმოებას ითვალისწინებს. ამავე პროგრამის შესაბამისად, „კადილაკის“ ელექტრული ქროსოვერის და GMC-ს ელექტრული პიკაპის გამოშვებაც იგეგმება.

ამავე პროგრამის შესაბამისად, ბაზარზე პირველი „ჰამერის“ ელექტრო-პიკაპი გამოვა. მისი სახელი ჯერ დადგენილი არაა, პროექტის კოდური სახელწოდება კი არის „პროჯექტ O“. ცნობისათვის, ელექტრული პიკაპის წარმოებას მალე „ფორდიც“ დაიწყებს, რომელსაც პოპულარულ პიკაპ F-150-ის ელექტრული ვერსია უკვე შემუშავებული აქვს.