ტრამპმა უარი თქვა დიდი შვიდეულის სამიტის საკუთარ გოლფ-კლუბში გამართვაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ უარი თქვა დიდი შვიდეულის მორიგი სამიტის მის კუთვნილ გოლფ-კლუბში გამართვაზე, რომელიც მაიამიში მდებარეობს.

„ჩვენ არ განვიხილავთ Trump National Doral-ს 2020 წელს G7-უის სამიტის ჩატარების ადგილად. ვიწყებთ სხვა ადგილის მოძიებას“ - დაწერა მან და დასძინა, რომ ასეთ ადგილად ხელისუფლება განიხილავს პრეზიდენტის ქალაქგარე რეზიდენციას კემპ-დევიდს.

ტრამპის განცხადებით, ის ფიქრობდა, რომ G7-ის სამიტის ჩატარება მის კომპლექსში „რაღაც განსხვავებული და კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის“, ვინაიდან ის დიდია, მდებარეობს აეროპორტთან ახლოს, აქვს უამრავი ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და სხვა უპირატესობები. „თუმცა, როგორც ყოველთვის ჩასაფრებული და მტრული მედია და მისი პარტნიორი დემოკრატები ჭკუიდან შეიშალნენ“ - განაცხადა მან.

თეთრ სახლში პრეზიდენტის სურვილი ნაკლები დანახარჯების სურვილით ახსნეს.

კოკა კვირკველია