მამუკა ხაზარაძის ადვოკატები „მუქარის წერილის“ დედანს პროკურატურას დღეს გადასცემენ. მანამდე, ადვოკატები ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია პრესკონფერენციაზე „მუქარის წერილის“ დედანს მედიას გააცნობენ. პრესკონფერენცია „ზვიად კორძაძის საადვოკატო“ ბიუროში 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.
ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა. წერილის დედანის ექსპერტიზა კი ლონდონში ჩატარდა. ხაზარაძის თქმით, მან მუქარის წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. თუმცა, შუამავლის ვინაობა, ამ დრომდე უცნობია. საქართველოს პროკურატურამ წერილი 6 მარტს გამოაქვეყნა.
წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.
მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას: "რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო".