დანაწევრებული და დაურეგისტრირებელი მიწები, სათესლე მასალისა და სასუქების დაბალი ხარისხი, შესაბამისი ცოდნის არქონა, გადამმუშავებელი და სამაცივრო მეურნეობის სიმცირე და გაძნელებული წვდომა ფინანსებზე - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უშლის ხელს.
პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის სოფლის მეურნეობის სექტორის დეტალური ანალიზის მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას აღიქვამს არა როგორც ბიზნესს, არამედ მისთვის ეს საქმიანობა ე.წ. საარსებო ეკონომიკის ფუნქციას ასრულებს. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიუხედავად, დარგი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა დაძლევის გარეშე მისი განვითარება შეუძლებელია.
ევროპისთვის მისაღებ ხარისხს საქართველო ჯერ ვერ სწვდება
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს კლიმატური პირობები ბევრი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების საშუალებას იძლევა, თუმცა უმრავლესობას კონკურენციის გაწევა უჭირს არათუ საერთაშორისო, ადგილობრივ ბაზარზეც კი. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: დაბალი მოსავლიანობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა სუსტი ჯაჭვი, მიწის მაღალი ფრაგმენტაცია, მიწების რეგისტრაციის პრობლემები. გარდა ამისა, პროდუქციის დაბალი ხარისხის, არასტანდარტულობისა და შესაბამისი სერტიფიკატების უქონლობის გამო, პროდუქციის გასაღებისთვის მხოლოდ "ნაცნობი" ბაზრებია ხელმისაწვდომი (ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, განსაკუთრებით რუსეთი), რომლებიც მეტად არაპროგნოზირებადია. კვლევაში ვკითხულობთ, რომ საექსპორტო ბაზრების სასურველ ალტერნატივად შეგვიძლია განვიხილოთ მაღალშემოსავლიანი და სტაბილური ევროკავშირის ბაზარი. მასთან ხელშეკრულება საქართველოს განსაზღვრულ უპირატესობას ანიჭებს სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ეს ბაზარი ყველასგან მაღალი ხარისხის პროდუქციას ელოდება, წარმოებულს შესაბამისი სტანდარტების დაცვით. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება კი ქართველი მწარმოებლებისთვის ზრდის ხარჯებს და ევროკავშირის ბაზარზე კონკურენციის გაწევის შესაძლებლობას ამცირებს.
გიორგი ხიშტოვანი, პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის დირექტორი: "2018 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობდა დასაქმებულთა 43,1%, მაშინ, როცა სექტორის წილი მშპ-ში 7,7%-ია, რაც დაბალ პროდუქტიულობასა და სოფლად მცხოვრებთა დაბალ შემოსავლებს ნიშნავს. ბოლო წლებში მათი რეალური შემოსავალი არ იცვლება. ამის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობა (მთლიანი მოსახლეობის 42%) უფრო ღარიბია, ვიდრე ქალაქად მცხოვრები. 2018 წელს ქალაქში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მოსახლეობის 18% ცხოვრობდა, ხოლო სოფლად ეს მაჩვენებელი 23,1%-ს შეადგენდა.ასეთი უარყოფითი ტენდენცია იკვეთება იმ ფონზე, როცა სოფლის მეურნეობის განსავითარებლად სახელმწიფოს გაწეული ხარჯები 2010 წლიდან მოყოლებული საგრძნობლად არის გაზრდილი. ხარჯმა პიკს 2016 წელს მიაღწია და 330,3 მილიონი ლარი შეადგინა.
2018 წელს გაერთიანდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები და ახალი სამინისტროს ბიუჯეტმა 274,8 მილიონი ლარი შეადგინა. 2019 წლის გეგმით კი სამინისტროს დაფინანსება 338,9 მილიონი ლარი იქნება. კულტურების მიხედვით, პროდუქტიულობა საქართველოში საგრძნობლად ჩამორჩება არათუ მოწინავე ქვეყნების, არამედ მსოფლიოს საშუალო პროდუქტიულობასაც. გარდა ამისა, საქართველოში პროდუქტიულობა დაბალია მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი), რაც პრობლემებს შორის გეოგრაფიულ ფაქტორებს თითქმის გამორიცხავს (ცუდი კლიმატური პირობები, სტიქია და სხვა).
როგორც კვლევაშია ნათქვამი, დაბალი მწარმოებლურობის ერთ-ერთი მიზეზი მიწების ფრაგმენტაციაა, არადა, ფერმის ზომა პირდაპირ კავშირშია შემოსავლებსა და პროდუქტიულობასთან. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სახნავი მიწების მფლობელი ოჯახური მეურნეობების 87% ფლობდა 1 ჰექტარზე ნაკლებ მიწას, ხოლო 50 ჰექტარზე მეტს - მეურნეობების მხოლოდ 0,1%. ფრაგმენტაციასთან ერთად, პრობლემურია სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის განკარგვა და კერძო პირების მიერ მიწის რეგისტრაციაც.
რატომ არის სოფლის მეურნეობა ნაკლებად კონკურენტული
როგორც კვლევამ აჩვენა, სახელმწიფოს დახმარების მიუხედავად, ფერმერებისთვის ნიადაგის ანალიზი ხშირად მაღალი ფასის გამო ხელმისაწვდომი არ არის. ნიადაგის შერჩევისა და მომზადების შემდეგ მნიშვნელოვანია ნედლეულის (ნერგები, შხამქიმიკატები და ა.შ.) მომწოდებლის შერჩევა. გამოიკვეთა, რომ უმეტეს მუნიციპალიტეტში არსებობს აგრონედლეულის მაღაზიები, სადაც ხელმისაწვდომია წარმოების საშუალებები. თუმცა ფერმერები აღნიშნავენ, რომ ხარისხი და ფასი ხშირად ერთმანეთს არ შეესაბამება. პრობლემად დასახელდა ისიც, რომ აგრომაღაზიებში გამყიდველებს არ შეუძლიათ კვალიფიციური რეკომენდაციების გაცემა.
მნიშვნელოვანი დონორული ხელშეწყობის მიუხედავად, დღეს საქართველოში საკოოპერატივო ინსტიტუტი, ფაქტობრივად, არ არსებობს, რაც მიწების გამსხვილებას უშლის ხელს.
მუნიციპალიტეტების უმეტესობაში არ არსებობს გადამმუშავებელი და სამაცივრო მეურნეობა. ამიტომ ფერმერები ცდილობენ მოსავლის სწრაფად გაყიდვას და გადამყიდველებს მოსავლის აღებამდე ურიგდებიან. პრობლემურ საკითხად რჩება კულტურებისა და ცხოველების მოვლა/მოყვანის თანამედროვე საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამის ძირითადი მიზეზია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების ნაკლებობა. ასევე, საჭიროა სადემონსტრაციო ნაკვეთების დამატება, რათა ფერმერებმა და გლეხებმა თვალნათლივ ნახონ თანამედროვე ტექნიკის გამოყენების შედეგი.
ერთობლიობაში ვიღებთ შედეგს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ნაკლებად კონკურენტულია, რაც წარმოების მაღალ ფასში აისახება. ამის გამო ძნელდება პროდუქციის როგორც ექსპორტზე გატანა, ისე საქართველოში იმპორტირებულისთვის კონკურენციის გაწევა. სოფლის მეურნეობის ქვეყნად ვითვლებით და რეალურად, მოვიხმართ პროდუქტებს, რომლებიც სხვა ქვეყნებშია წარმოებული".
რა გავიტანოთ ექსპორტზე და რით ჩავანაცვლოთ იმპორტი?
საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებად, გარდა მეზობელი ქვეყნებისა, შეგვიძლია მოვიაზროთ დსთ-ისა და ევროკავშირის ქვეყნები. თუმცა, რამდენადაც მარტივია ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში, იმდენად არასტაბილურია. "2008-2018 წლებში საქართველოდან სულ 23,5 მილიარდი დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტით. აქედან ყველაზე მეტი აზერბაიჯანში (16,5%), სომხეთსა (9,2%) და თურქეთში (8,7%). თუმცა ბოლო წლებში მეტად გაიზარდა ექსპორტი რუსეთსა და ჩინეთში. 2008-2018 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შეადგენდა საქართველოდან გატანილი მთლიანი ექსპორტის 21,87%-ს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს აღირიცხა - თითქმის 30%. 2008-2018 წლებში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორის ლიდერობს თხილი და კაკალი (მთლიანი ექსპორტის 5%), ღვინო (4,5%) და სპირტიანი სასმელები (3,7%)", - ნათქვამია კვლევაში. გამოვლინდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც შეგვიძლია გავიტანოთ ევროპაში ან მთლიანად უზრუნველვყოთ ადგილობრივი მოთხოვნა.
საქართველოდან ევროკავშირში გატანის შემთხვევაში ჟოლო გათავისუფლებულია ყველანაირი გადასახადისგან. თუმცა, არ უნდა იყოს დაბინძურებული მძიმე ლითონებით და დაცული უნდა იყოს სანიტარიული ნორმები. მავნებელი დანამატებისა და პესტიციდების გამოყენება წარმოებისას აკრძალულია. ასევე, რადგან ჟოლო არ ირეცხება კრეფის შემდეგ, მნიშვნელოვანია სუფთა ხელებით მუშაობა კრეფის სეზონის განმავლობაში. სურსათის უვნებლობის რეგულაციების გარდა, ევროკავშირის ქვეყნები ითხოვენ ერთნაირი ჯიშის ჟოლოს, პროდუქცია უნდა იყოს ერთგვაროვანი ზომითა და ხარისხით.
რეგიონებში მაყვლის წარმოებაში კახეთი ლიდერობს, თუმცა სრულად მსხმოიარე მაყვლის ბაღი ჯერ არ გვაქვს. რეგიონში არ არსებობს მაყვლისთვის საჭირო სამაცივრო მეურნეობა ნაყოფის ინდუსტრიულად გადასამუშავებლად. შესაბამისად, ჯერ არ არსებობს საქართველოდან ევროკავშირში მაყვლის ექსპორტის პრეცედენტიც. მეორე მხრივ, ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა დიდია როგორც ახალ, ასევე გაყინულ მაყვალზე. საქართველოში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების დონე საკმაოდ დაბალია, ამის მიუხედავად, ქართული ბროკოლი მცირე რაოდენობით მაინც გადის ექსპორტზე (აზერბაიჯანი, სომხეთი). ევროპული ქვეყნები, მათ შორის ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი, მსოფლიოში ბროკოლის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის არიან და მათგან მაღალი მიწოდება განაპირობებს ბროკოლის შედარებით დაბალ ფასს ევროკავშირში. კვლევა აჩვენებს, რომ ბროკოლის ამჟამად უფრო მეტად იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს, ვიდრე ექსპორტზე გასვლის.
მანდარინი ერთ-ერთი მთავარი აგროსასურსათო პროდუქტია, რომელიც ექსპორტზე გადის და მოაქვს შემოსავალი. სატარიფო ბარიერების მხრივ, მანდარინი იმ 28 პროდუქტს შორის არის, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე *შესვლის ფასს არის დაქვემდებარებული, ანუ როცა ქართული მანდარინის საინვოისო ფასი ნაკლებია ევროკავშირის დადგენილ ფიქსირებულ ფასზე, ექსპორტიორი დაიბეგრება ფასთა სხვაობით. 2017 წელს ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში გავიდა ქართული მანდარინი, პოლონეთში 20 ტონა, ხოლო ლიტვაში 3 ტონა. პოლონეთის მაგალითმა აჩვენა, რომ ევროკავშირში შეტანის პროცედურები რთული არ არის სხვა ბაზრებთან შედარებით. ერთადერთი, პოლონეთმა მძიმე ლითონებზე შემოწმების დამადასტურებელი საბუთი მოითხოვა.
საქართველოში სტაფილოს წარმოება სეზონურია და, ძირითადად იმპორტული სტაფილო მოიხმარება. ბოლო 4 წელიწადია, სტაფილოს წარმოება იკლებს და 2014 წელს თუ 4,9 ათასი ტონა იყო, 2017 წელს ქვეყანაში 4-ჯერ ნაკლები სტაფილო მოვიდა. სტაფილოს ექსპორტი ევროკავშირში თავისუფალია ყოველგვარი გადასახადისგან, თუ ის დააკმაყოფილებს სურსათის უვნებლობისა და საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს. თუმცა ქართული სტაფილო ფასით დღეს თითქმის უტოლდება ევროკავშირის ქვეყნების ფასებს და ამგვარად, ბაზარზე კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.
2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული დაფნის უდიდესი ნაწილი გავიდა რუსეთში (40%), თურქეთსა (24%) და უკრაინაში (17%). ევროპა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაფნის იმპორტიორია (მსოფლიოს მთლიანი იმპორტის 26%). მათ შორის ყველაზე დიდ იმპორტიორს წარმოადგენს გერმანია, სადაც 2017 წელს განხორციელდა 67 883 ტონა დაფნის იმპორტი, მათ შორის 7 ტონა საქართველოდან. სულ საქართველომ 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 82,6 ტონა დაფნა გაიტანა. აქედან ყველაზე მეტი - 40 ტონა ლიტვაში შევიდა. კვლევის ფარგლებში ჩატარებული გაანგარიშებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დაფნის წარმოება და ევროკავშირში ექსპორტი პერსპექტიულია. თუმცა ამისთვის საჭიროა დაფნის მოვლის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, რაც გაზრდის დაფნის მოსავლიანობასა და ხარისხს.
2016-2017 წლებში პამიდვრის ექსპორტი საქართველოდან საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის თითქმის 81% წილი უჭირავს რუსეთს, 2017 წელს ლატვიაში პირველად გავიდა ექსპორტზე 116 ტონა პამიდორი. კვლევამ აჩვენა, რომ პამიდორს კარგი პოტენციალი აქვს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად. ამისთვის აუცილებელია საშუალო მოსავლიანობის გაზრდა და პამიდვრის წარმოების თვითღირებულების შემცირება.
წყარო: „კვირის პალიტრა"