აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 თვეში ყველაზე მეტი თანხა იუსტიციის სამინისტროს და სდსს-ს გამოეყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 8 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების უდიდესი წილი იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე მოდის.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა, 8 თვის მონაცემებით, 39.9 მლნ ლარს და წლიური გეგმის 80% შეადგენს. ამასთან, ფონდიდან გამოყოფილი სახსრების უდიდესი წილი იუსტიციის სამინისტროსა (15.7 მლნ ლარი) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე (6.4 მლნ ლარი) მოდის.

გამოყოფილი თანხების 61% იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის დაიხარჯა, 23% კულტურული, სპორტული, საერთაშორისო, ტურიზმის ხელშეწყობისა და სხვა მსგავსი ხარჯების დაფინანსებისთვის.