„პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი გადასცა, მზადაა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს"

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა, მზადაა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს.

ამის შესახებ ზვიად კორძაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ საქმეზე შუამავალი არ არსებობდა, ხოლო ვინ არსებობდა, ამას გამოძიება დაადგენს. ამასთან დაკავშირებით წარგენილი იქნება საბუთები. როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. ის მზადაა ჩვენების მისაცემად,“ - განაცხადა კორძაძემ.

მისივე თქმით, გამოძიების დასადგენია, გახარაია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა სხვა პირს ხაზარაძესთან.

„არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა, ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის, ვისგან მოდიოდა ეს მუქარა. ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი დასადგენი არაა. მამუკა ამბობს იმას, რაც იცის - წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან,“ - აღნიშნა ადვოკატმა.