„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, გაზის მომხმარებლებს დეტექტორი უნდა დაუმონტაჟდეთ, რომელიც გაზის დაგროვების შემთხვევაში მცხოვრებლებს გააფრთხილებს და დაკეტავს სახლში გაზის მიწოდებას.
ამის შესახებ გიორგი ლეფსვერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „Newsroom”-ის ეთერში განაცხადა.
ლეფსვერიძის თქმით, დეტექტორების დაყენების გარდა, უბედური შემთხვევების პრევენციისთვის ღია წვის დანადგარების სახლში გამოყენება საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს.
„გაზის შედეგად უბედურების გამოწვევის ორი მიზეზი არსებობს, ეს არის გაზის დაგროვება და აფეთქება და მეორე არის CO-ს დაგროვება. ჩვენ გვინდა გაზის დაგროვების პრევენცია, რომ გაზის ყველა მომხმარებელს ჰქონდეს დამონტაჟებული დეტექტორი და ელექტროონკანი. ეს დეტექტორი დაკავშირებულია სახლში ან სადარბაზოში მრიცხველთან დამონტაჟებულ ელექტროონკანთან და ახდენს პრევენციას. თუ თქვენთან გაზმა დაიწყო დაგროვება, ის ავტომატურად კეტავს და გადასცემს სიგნალს ელექტროონკანს და ავტომატურად კეტავს თქვენ სახლში გაზის მიწოდებას. არამხოლოდ ხმოვან სიგნალს გაძლევთ, არამედ თქვენ ჩაურევლად კეტავს გაზის მიწოდებას. ჩვენი კომპანიის პოზიციაა, რომ მსგავსი დეტექტორით აღჭურვილი იყოს გაზის ყველა მომხმარებელი და მეორე, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს ღია წვის დანადგარების სახლში გამოყენება. ეს უკვე კანონმდებლობის პრეროგატივაა, როგორ გაწერენ. ამ საკითხზე ჩვენ ვთანამშრომლობთ სემეკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და მიმდინარეობს ამაზე მუშაობა.
ლეფსვერიძე გაზის მომხმარებლებს სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
„უახლოეს დღეებში დაიწყება გათბობის სეზონი, დაიხურება ფანჯრები და შეიქმნება დახურული სივრცე, ამიტომ ჩვენ მომხმარებელს მოვუწოდებთ გამოიჩინონ ყურადღება, დაუჯერონ ჩვენი სპეციალისტების მითითებებს. ამასთან, უბედური შემთხვევებიდან ბოლო, თუ სწორად მახსოვს 17 შემთხვევა იყო დაგირავებულ და დაქირავებულ სახლებში. თუ ბინას ქირაობთ ან აპირებთ დაგირავებას, დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე და ჩვენი სპეციალისტები მაქსიმუმ მეორე დღეს შეამოწმებენ რა მდგომარეობაა სახლში“, - განაცხადა ლეფსვერიძემ.