თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის 60%-ს ყადაღა დაადო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.
„სარჩელის შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი არის თუ არა ფორმალურად გამართული. მტკიცებულებები, მოთხოვნები და ა.შ. შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღების შესახებ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა სასამართლოს მიერ მიღებული ანუ, სარჩელი წარმოებაში მიიღო სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ განხილვაზე ვერ გვეტყვიან უარს. იქნება განხილვა. სასამართლო მოისმენს ჩვენს და მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებებს.
მეორე ამბავი, რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ სარჩელშივე გვქონდა დაყენებული შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ რადგანაც ვდავობთ 60% წილზე, ამ 60% წილს ყადაღა დადებოდა, რადგან არსებობდა იმის საშიშროება, რომ დავის დასრულებამდე ქიბარ ხალვაშს ეს გაეყიდა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა და „რუსთავი 2“-ის 60 % წილს ყადაღა დაედო. ჩვენ დღეს ჩავიბარებთ სასამართლოს ამ განჩინებას და შემდეგ საჯარო რეესტრში წავიღებთ და უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდება ყადაღა „რუსთავის 2“-ის 60 %-იან წილზე“, - განაცხადა კოჟორიძემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.