გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებელი ქართული ბიზნესი

ჩვენი მიზანია ძლიერი ქართული ბიზნესი, ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებელი ქართული ბიზნესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესთა ბალანსი ეს არის ის, რა გზითაც უნდა მიდიოდეს ჩვენი დონის ეკონომიკა.

"სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მსგავსი შეხვედრის მიზანი იყო სამუშაო კომუნიკაციების არხების აწყობა, პირველ რიგში, ასოციაციებთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დარგებსაც ვხვდებით. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში - 2-3 თვეში, ყველა ის საცობი, რომელიც არის გაჩენილი, გადავწყვიტოთ იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა უფრო მეტის ინვესტიცია მოახდინოს და უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ 20 წლის გეგმებზე და ვამბობთ, რომ დარჩენილ 2 თვეში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს შევუქმნათ კომფორტული პირობები, რათა თავდაჯერებულად იგრძნონ თავი იმისთვის, რომ ბიზნესგარემო იყოს უფრო პროგნოზირებადი, რომ სახელმწიფო აპარატი იყოს უფრო მეგობრული ბიზნესისთვის.

მიზანი მარტივია და გასაგები ყველასთვის, ჩვენი მიზანია ძლიერი ქართული ბიზნესი, ჩვენი მიზანია ძლიერი სოციალურად პასუხისმგებელი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ჩვენ ვალდებულები ვართ ბიზნესს მხარი დავუჭიროთ, რასაც ვაკეთებთ. თუმცა, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ბალანსი. დღეს ბევრი ვისაუბრეთ შრომის კოდექსზე, იმ ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტში ჯერ არც შესულა და აღვნიშნეთ, რომ დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესთა ბალანსი ეს არის ის, რა გზითაც უნდა მიდიოდეს ჩვენი დონის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, აქ პრიორიტეტები საკმაოდ რთული გადასალაგებელია, თუმცა, ჩვენ ამას გავაკეთებთ პირველ რიგში ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით. ასევე კომუნიკაცია გვექნება პროფკავშირებთანაც",- განაცხადა გახარიამ.