„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა. თანხა, რომლის სანაცვლოდაც კომპანია კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.
Van Oord-ი 1868 წელს ნიდერლანდებში, როტერდამში დაფუძნდა. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო პროექტები. თავდაპირველად კომპანია ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით გაფართოვდა. წილების 78.5 პროცენტს ფლობს თავად ვან ოორდის ოჯახი, ხოლო დარჩენილი გადანაწილებულია ორ კომპანიას შორის Cobepa და ConsOord B.V. კომპანია ფოკუსირებულია გრძელვადიან ბიზნესურთიერთობებზე.
2018 წელს Van Oord-ის წლიური ბრუნვა იყო 1,876 მლრდ ევრო. გასულ წელს კომპანიის მოგებამ 92 მლნ ევრო შეადგინა. კომპანიაში ამ ეტაპზე 4 954 ადამიანია დასაქმებული.
ამასთან, 2018 წლის მონაცემებით კომპანია 46 ქვეყანაში ოპერირებს, ჯამში 190 პროექტით, მათ შორის, აზერბაიჯანში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ყაზახეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ა.შ.
Van Oord-ის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს შორის არის დუბაის Palm Jumeirah, ტაივანის უმსხვილესი პორტის გაფართოება, მალდივებზე უფრო მეტი კუნძულის შექმნა, მომავლის პორტი ბრაზილიაში და ა.შ.
ცნობისთვის, ანაკლიის კონსორციუმმა შესაბაის უწყებას Van Oord-ის მიერ აქციების შესყიდვის სურვილთან დაკავშირრბით გასულ თვეს აცნობა. უწყებამ გადაწყვეტილება 28 დღის ვადაში მიიღო. Van Oord ჰოლანდიური კომპანიაა, რომელმაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი „მერიდიანი“ ჰყავს წარდგენილი, რომელიც ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებლად მოიაზრება. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს.