ქართველი ფერმერები ცდილობენ, რომ იმპორტი ადგილობრივი პროდუქტით ჩაანაცვლონ და ბაზარზე არსებული მოთხოვნა თავადვე დააკმაყოფილონ. როგორც East fruit წერს, მაგალითად, ასეთია ბროკოლი და სტაფილო, რომელსაც წარმოების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.
რაც შეეხება კენკროვან კულტურებს, ისეთებს, როგორიცაა მაყვალი და ჟოლო, აქ პრობლემები ექსპორტის საორგანიზაციო საკითხებში მდგომარეობს. კერძოდ, როგორც ფერმერები აცხადებენ, მათ სახელმწიფოს დახმარება ექსპორტის და რეალიზაციის მიმართულებით უფრო სჭირდებათ, ვიდრე წარმოების.
როგორც ერთ-ერთი ფერმერი ინესა ქრისტესაშვილი აცხადებს, წელს 2 ტონა მაყვალი ექსპორტზე პირველად გაიტანა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის შეძენის უამრავი მსურველი იყო, საორგანიზაციო საკითხები საკმაოდ რთულად მოსაგვარებელი აღმოჩნდა.
როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, სამწუხაროდ, ფრემერებმა არ იციან, თუ როგორ გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა და როგორ მიაწოდონ პროდუქტი სწორად მომხმარებლებს.
შესაბამისად, ფერმერები ექსპორტის საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვენ.
თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მისი უწყება აქტიურად მუშაობს.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 87 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.