არ შეიძლება პრემიერს მოსწონდეს ის ცვლილება, რომელიც უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი რიგი ცვლილებები უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ საკითხებში პრემიერის პოზიცია მათ მოსაზრებებს ემთხვევა.
„შრომის კოდექსთან“ დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ცალსახად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და გააცნო საზოგადოებას. იქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის მიღებაც იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის ბიზნესისთვის. ეს არის ნორმირებული სამუშაო დროის შემოღება, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების განსაზღვრა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ხელფასის ოდენობის და პარამეტრების განსაზღვრა, შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება და მინდა ცალსახად გითხრათ, რომ სრული თანხვედრაა ჩვენსა და მთავრობის პოზიციის ამ ნაწილში,"- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.