„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში იმ „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც მისი ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო.
ხაზარაძე გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში იმყოფება. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას ასევე წარუდგინა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები.
ინფორმაციისთვის, ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, უშუალოდ „მუქარის წერილზე“ „17 ადამიანის თითის ანაბეჭდი ამოვიდა“. ხაზარაძე და მისი უფლებადამცველი მოითხოვენ, პროკურატურამ აღნიშნული ანაბეჭდები საქართველოს ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდებს დაადაროს და ყველა მათგანი გამოკითხოს იმის დასადგენად, რა შემხებლობა ჰქონდათ აღნიშნულ წერილთან.