გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ეკონომიკური ფორუმი ჩინეთის ქალაქ ტიანჟინში 9-11 სექტემბერს გაიმართება. უწყების ცნობით,  ვიზიტის ფარგლებში იგეგმება გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლა ფორუმის პანელზე Scenarios for the South Caucasus and Central Asia.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ფორუმში მონაწილე კომპანიების, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ქალაქ ურუმჩიშიც გაემგზავრება, სადაც ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.