ცნობილია, რომ ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტების (საკვები ნივთიერებები) ნაკლებობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთანაა კავშირში.
კვებითი ფსიქიატრია (ნუტრიციული თერაპია) საკმაოდ ზრდადი დისციპლინაა, რომელიც ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას, ორგანიზმისთვის აუცილებელი ნუტრიენტების მიწოდების გზით გულისხმობს. ტრადიციული მედიცინა აღნიშნულ მეთოდს არ იზიარებს.
დღეისათვის, მკურნალობის მეთოდები სხვადასხვა ქვეყნების სახელმძღვანელო პრინციპებს ზედმიწევნით მიყვება, რომლებიც უმეტესწილად ფსიქოლოგიურ თერაპიას და ანტიდეპრესანტების მიღებას გვთავაზობენ.
განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ადამიანები, დღის მანძილზე სხვადასხვა დასახელების საკვებს მიირთმევენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სწორად იკვებებიან. პირიქით, უამრავი ადამიანი არ იღებს ორგანიზმისთვის განსაზღვრულ აუცილებელ ნუტრიენტებს, რომლებიც ტვინის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში არჩევანი გადამუშავებულ საკვებზე კეთდება, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარსა და ხელოვნურ დანამატებს შეიცავს.
ნუტრიციოლოგებმა (კვების სპეციალისტები) საკმაოდ დიდი ხანია რაც საკვები ნივთიერებების დეფიციტსა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. თუმცა, ფსიქოლოგები მხოლოდ ახლა იწყებენ ნუტრიციული მიდგომების ჩართვას თერაპიაში და ამ მიმართულებით კოლეგებს კვლევების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ტვინში მიმდინარე ანთებითი პროცესებითაა გამოწვეული, რაც საბოლოო ჯამში ტვინის უჯრედების სიკვდილს იწვევს. ეს ანთებითი პროცესები ჩვენს კუჭში იწყება და ისეთი საკვები ნივთიერებების დეფიციტს უკავშირდება როგორიცაა: მაგნიუმი, ომეგა 3, პრობიოტიკები, ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.
ბოლო დროის კვლევებმა აჩვენა, რომ ისეთი საკვები დანამატების მიღება, როგორიცაა თუთია, მაგნიუმი, ომეგა 3, ვიტამინები B და D3 ადამიანის ხასიათს აუმჯობესებს, ამცირებს შფოთვას, ამსუბუქებს დეპრესიას და ალცჰეიმერით დაავადებულ პაციენტებს გონების უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება.
მაგნიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა მისი დეფიციტი უამრავ ადამიანს აქვს. ერთ-ერთ კვლევის მიხედვით ადამიანებს, რომელთან შფოთვითი აშლილობა და დეპრესია აღენიშნებოდათ, მაგნიუმის დანამატის ყოველდღიური მიღებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ მიუხედავად მათი ასაკისა, სქესისა თუ დიაგნოზისა.
ომეგა 3 ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის და განვითარებისათვის საჭირო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნუტრიენტია - მისი დეფიციტი უხასიათობას, შემეცნებითი უნარისა და შეცნობის დაქვეითებას იწვევს.
საკვები დანამატები, ადვილად ხელმისაწვდომია სუპერმარკეტებში, აფთიაქებსა თუ ონლაინ-მაღაზიებში, თუმცა, ფასისა და ხარისხის განსხვავებით. იმ პაციენტებს, ვისთვისაც წამლების მიღება შედეგის მომტანი არ არის, ან გვერდითი მოვლენების მიმართ ტოლერანტულები არ არიან, ნუტრიციული გზით ჩარევა იმედის მომცემია. ამასთანავე, თანამედროვე მსოფლიოში ანტიდეპრესანტების ეფექტურობა საკმაოდ საკამათო საგანია. საკვები დანამატების გამოყენება ალტერნატიულ გზას გვთავაზობს რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია.