მუდმივად დაძაბული პოლიტიკური გარემო, სპეციფიკური გეოსტრატეგიული მდებარეობა, კვალიფიკაციის დონე, ეკონომიკური განვითარების თეორიების განსხვავებული ხედვები და უამრავი სხვა მიზეზის დასახელება შეიძლება, თუ რატომ ვერ ვითარდება საქართველო იმაზე მეტად, ვიდრე დღესაა. რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხებზე საზოგადოებაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს, ყველას აქვს საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ განვითარების როგორი ვექტორი ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ვექტორთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არსებობს. თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმ ეროვნული იდეის ირგვლივ, რომელსაც რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლება და ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.
სწორედ ეს არის ის თემა, რაზეც საქართველოს ყველა მოქალაქემ, პირველ რიგში კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იზრუნონ თავიანთი თანმიმდევრული, მწყობრი პოლიტიკით და ეროვნული ინტერესების დაუზიანებლად.
რუსულმა ოკუპაციამ საქართველო სხვადასხვა საუკენეებში სხვადასხვაგვარად და მნიშვნელოვანწილად დააზიანა. შეაფერხა ჩვენი ქვეყნის სუვერენული განვითარება. ისტორიული გაკვეთილებიდან სათანადო დასკვნების გამოტანა კი აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეუძლებელია ზუსტი ციფრების დასახელება თუ რა ზარალი განიცადა საქართველომ რუსული ოკუპაციის შედეგად, თუმცა გარკვეული გათვლების გაკეთება სავსებით შესაძლებელია იმის თაობაზე, თუ რა ზიანი ადგება მავთულხლართებში გახვეულ ქვეყნას და კონკრეტულად მის ეკონომიკას.
კონფლიქტებზე დახარჯული ფული
უკვე მესამე ათწლეულია, რაც ქვეყანა სამხედრო კონფლიქტშია. ამ ხნის განმვალობაში სხვადასხვა მთავრობების მიერ სხვადასხვა ინიციატივების ფარგლებში იქნა თანხები დახარჯული. ამჯერად კი 2019 წელზე შევჩერდეთ და ვნახოთ თუ რამდენი დაიხარჯა მიმდინარე წელს კონფლიქტებზე და მისგან გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფომ.
2019 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის 2 მილიონ 965 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ 46 ადამიანი შეადგინა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატის მთავარი ფუნქციაა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამშვიდობო პროცესის საინიციატივო წინადადებებისა და ფორმატების შემუშავება, შეთავაზება, სამშვიდობო პროცესის წარმართვა და მასში მონაწილეობა, საქართველოს ტერიტორიაზე რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა-კოორდინაცია და სხვა რიგი სათანადო პროგრამების ინიციირება, რაც კონფლიქტების გადაჭრისკენ იქნება მიმართული.
წლების განმავლობაში იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ეტაპობრივად მიმდინარეობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 3 მილიარდ 978 მილიონს შეადგენდა, რომელიც სხვადასხვა პროგრამებზეა გადანაწილებული. მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვა, ასევე, დევნილების ბინებით უზრუნველყოფა, რომლის მიმართულებითაც 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 62.7 მილიონი ლარი.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისათვის 2019 წელს გამოყოფილი იყო 2 მილიონ 460 ათასი ლარი. დასაქმებულების რაოდენობა 85 ადამიანი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2019 წელს 7 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც დამატებით 8 მილიონი ფინანსური დახმარებაც გაეწია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტმა 2019 წელს 143 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა 835 მილიონი ლარი. მართალია, ეს ორი სამინისტროც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ და სამხედრო თავდაცვისუნარიანობას, თუმცა ეს 2 უწყება ქვეყნისთვის იმ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როცა ოკუპაციის პრობლემა არ დგას.
ოკუპაცია, როგორც ინვესტიციების მუხრუჭი
თანამედროვე მსოფლიოში, ღია ეკონომიკის პირობებში, ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთ ინდიკატორად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია ქცეული. რაც უფრო მეტი ინვესტიცია შეედინება ქვეყანაში, მით მეტია დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და სოციალური გარემოს გაუმჯობესების პერსპექტივა.
საქართველო დანარჩენი მსოფლიოსგან განზოგადებული არ არის, მისი კარი ღიაა მეტად ინტეგრირებული ეკონომიკის შექმნისთვის და, შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვისაც. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გარკვეული საინვესტიციო კონკურენტული უპირატესობის შექმნა. მაგალითად, თავისუფალი ეკონომიკური ზონების, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, მოქნილი და ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის, გამართული, დამოუკიდებელი სასამართლოს და პოლიტიკურად სტაბილური გარემოს შექმნა. ყველა ამ ინდიკატორზე დაყრდნობით და საერთაშორისო რეიტინგებზე დაკვირვების შედეგად, ინვესტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე თუ სად დააბანდოს თავისი კაპიტალი.
საქართველოს ბაზარი პატარაა, მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობა მცირეა, გარკვეული მიმართულების პროფესიების მქონე ადამიანების მძლავრი დეფიციტია. მთავარი და მნიშვნელოვანი – ქვეყნა სამხედრო კონფლიქტშია და მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რაც საინვესტიციო გარემოს ყველაზე მეტად ასმევს დაღს. მართალია, ინვესტიციები ქვეყანაში მაინც ხორციელდება, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფონზე დსთ-ის ქვეყნებთან, EFTA-სთან (ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი), ევროკავშირთან და უკვე ჩინეთთანაც, მნიშვნელოვნად გაიზრდება.
აუთვისებელი პოტენციალი
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ერთადერთ მსხვილ მოთამაშედ ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი თვალიშისაცემი და შესამჩნევია. იხსნება ახალი სასტუმროები და საკურორტო ქალაქებში ვითარდება ინფრასტრუქტურა. მართალია, სერვისის ხარისხი და ფასები ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება, თუმცა ეს დარგი ქვეყნის ბიუჯეტს და მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლებს მნიშვნელოვანწილად აგენერირებს.
აფხაზეთის ქართული იურისდიქციაში დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს ტურისტული პოტენციალი ერთი ორად გაიზრდება და იქაური ტურიზმიდან გენერირებული თანხები შესაძლოა აჭარის ტურიზმიდან გენერირებულ თანხებზე მეტი იყოს. ამ პარალელის გავლება სავსებით მისაღები და რეალისტურია. შედეგად, ბათუმს სოხუმის სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლება, რადგან აფხაზეთის სანაპირო ერთ–ერთი საუკეთესო საკურორტო ზონაა შავი ზღვისპირეთში თავისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, დღემდე დღის წესრიგში დგას რკინიგზის საკითხი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს, ასევე, საქართველოს გავლით რუსეთსა და სომხეთს აკავშირებს ერთმანეთთან. დღეს ამ მიმართულებით პროცესები გაჩერებულია მთელი რიგი მიზეზების გამო, უმთავრესი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული პრობლემაა.
დამატებით შესაძლებლობებს იძლევა სოხუმის აეროპორტი და აკვატორია, რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის კვანძის შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. ასევე, სოხუმში არსებობდა ფაბრიკა-ქარხნები, სადაც ლიმონათების მძლავრი წარმოება იყო. გამაგრილებელი სასმელი “პეპსის” წარმოება მაშინ, კავკასიაში მხოლოდ სოხუმში ხდებოდა.
საოკუპაციო ხაზს მიღმაა სამაჩაბლოც – სამხრეთ ოსეთი. მისი ტურისტული პოტენციალი ისეთი ვერ არის, როგორიც აფხაზეთის, მაგრამ სამრეწველო მიმართულებით არსებობს რამდენიმე ობიექტი, რომლებიც, ძირითადად, მინერალური წყლების, ხილის წვენებისა და ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით შემოიფარგლება. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ქართული მხარის კეთილი ნებით იქ ინვესტიცია “ყაზბეგმა” განახორციელა.
ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სწორი სტრატეგიული პოლიტიკით, ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოსთვის გაცილებით მაღალი იქნებოდა, ვიდრე დღეს ის არის.
განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსება
ძლიერი სამხედრო შეირაღების არ ქონის ფონზე, რთულია იმ ძალასთან შესვლა სამხედრო კონფრონტაციაში, რომლის უკანაც სამხედრო გიგანტი, რუსეთი დგას. შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვექტორი საქართველომ უკვე კარგა ხანია აიღო. ქვეყნის განვითარებამ და საქართველოს მოქალაქეობის ქონიდან მომდინარე კეთილდღეობის გაზრდამ, უნდა განაპირობოს დანარჩენი მსოფლიოსგან დაიგნორირებული და რუსეთის დოტაციაზე მყოფი რეგიონების დეოკუპაცია.
ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოში ჩამოსული სეპარატისტული წარმონაქმნების მცხოვრებთათვის აქ ჯანდაცვის და განათლების სერვისებზე აქვთ წვდომა. მათ მცირე და მიკრო მეწარმეობის პროგრამებზე აქვთ წვდომა. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივისგან, რომელსაც “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ჰქვია.
ელექტროენერგიის სუბსიდირება
ოკუპირებული ტერიტორიების, კონკრეტულად კი აფხაზეთის ელექტროენერგით უზრუნველყოფა ყბადაღებული თემაა. საზოგადეობის აზრი აქაც ორნაწილად არის გაყოფილი. ერთნი თვლიან, რომ ჩვენი მხრიდან მათი ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მიზანშეწონილია, რადგან ის საქართველოს ტერიტორიაა და ქვეყანამ თავის ტერიტორიას უნდა გაუწიოს პროტეჟეობა, ხოლო მეორენი წინააღმდეგნი არიან და თვლიან, რომ ჩვენს მიერ გენერირებული თუ შესყიდული ელექტროენერგია არ უნდა მიეწოდებოდეს სეპარატისტებს რუსული ბაზების ფუნქციონირებისთვის.
მონეტას ორი მხარე აქვს და ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარის არგუმენტები მართალია. ჩვენ, ერთი მხრივ უარს ვერ ვიტყვით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პროტეჟეობისგან და საერთაშორისო თანამეგობრობას ვერ ვაფიქრებინებთ, რომ არ ვზრუნავთ ჩვენივე ტერიტორიებზე, თუმცა, ამით, სამწუხაროდ, სეპარატისტების წისქვილზეც ვასხამთ წყალს.
გარდა ამისა, ყურადსაღებია პრესაში გავრცელებული ინფორმაციებიც, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში კრიპოვალუტის “მაინინგის” აქტიურად მიმდინარეობს. ეს კი, ელექტროენერგიის მოხმარებას ზრდის. მოხმარების ზრდას მიწოდების ზრდაც თანსდევს და შედეგად გაწეული ხარჯებიც მატულობს. საბოლოოდ კი, ელექტროენერგიაზე ფასების შესაძლო ზრდა დგება დღის წესრიგში. ასე მაგალითად, მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია შეისყიდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისაწოდებლად, რაც კიდევ დამატებითი ფინანსური წნეხია ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
საერთაშორისო პრაქტიკა
რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ძვირი უჯდებათ სხვა ქვეყნებს კონფლიქტები. ამის შესადარებელი უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, რადგან კონფლიქტს მასშტაბები სხვადასხვაგვარია. შესაბამისად, კონფლიქტების “ფასი” დამოკიდებულია კონკრეტული გეოგრაფიული არეალის ფართობზე, იქ მცხოვრები ადამიანების რაოდენობაზე და სხვა ფაქტორებზე.
იმ ქვეყნებს, რომლებსაც სამხედრო კონფლიქტები აქვთ, მაგალითად, უკრაინა, კვიპროსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა, გააჩნიათ შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. მაგალითად, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიმართულებით რამდენს ხარჯავენ, თავდაცვაზე, საგარეო ურთიერთობებზე, ვიზიტებსა და სხვა სამშვიდობო თუ სამხედრო ინიციატივებზე. თუმცა, ისინი ძირითადად ცალკეული სამინისტროების ეგიდისქვეშ მუშაობენ და მათზე გამოყოფილი ბიუჯეტი თუ საშტატო რაოდენობაც განსხვავებულია.
ბაჩანა ჯინჭარაძე
"ბანკები და ფინანსები"