„კიდ.კო“-ს ბაზაზე საქართველოს კიბოს კვლევის ორგანიზაციის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა

პედიატრიული ქირურგიის ცენტრის, „კიდ.კო“-ს ბაზაზე საქართველოს კიბოს კვლევის ორგანიზაციის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა.

ლაბორატორიაში წარმოებს ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დაავადებების უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით - იმუნოფენოტიპირება და მოლეკულური გენეტიკა.

„ლაბორატორიის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში ძალზედ აქტუალური ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის ხარისხს და ანაცვლებს საანალიზო მასალის საქართველოს ფარგლებს გარეთ კვლევისათვის გაგზავნის საჭიროებას და აუცილებლობას“ - აცხადებს „კიდ.კო“-ს დირექტორი ირაკლი გამყრელიძე.

ლაბორატორია ღიაა თანამშრომლობისათვის სამედიცინო დაწესებულებებთან და დარგის სპეციალისტებთან რათა საერთო ძალისხმევით გაუმჯობესდეს და უფრო ოპერატიული გახდეს ონკოლოგიური დაავადებების მაღალხარისხიანი დიაგნოსტიკა და შემცირდეს დაკავშირებული მაღალი ფინანსური დანახარჯები საქართველოს მოქალაქეებისათვის.

პროექტი განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს და ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით (Czech Republic Development and Cooperation Agency), მოტოლოს საუნივერსიტეტო კლინიკასთან თანამშრომლობით.

"კიდ.კო" საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანიაა. ამ ეტაპზე სინერჯი კაპიტალის პორტფელში 10 კომპანიაა, გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის საინვესტიციო პროექტების შესახებ.