ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, 19 ოქტომბერს საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის Global Finance-ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 26-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2018 წლის მსგავსად, Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ზედიზედ უკვე მეორედ ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.
მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო. შარშანდელის მსგავსად, ის A- შეფასებით წელსაც ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. აღნიშნულ კატეგორიაში მოხვდნენ - ევროპის ცენტრალური ბანკის (მარიო დრაგი), ასევე, დიდი ბრიტანეთის (მარკ ქარნი), აშშ-ის (ჟერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.
Global Finance-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.
ფინანსურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სრული ანგარიში "Central Banker Report Cards"-ი, სადაც 98 ცენტრალური ბანკირია შეფასებული“. - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში დაესწრო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც ამ გავლენიან გამოცემას ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში - "საქართველო მოულოდნელობის წინაშე დადგა" - "Georgia Gets Thrown A Curve Ball" კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ მთავარ გამოწვევაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებზე. უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებამ და უარყოფითმა მოლოდინებმა კი, თავის მხრივ, ლარის ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება გამოიწვია.
"ჩვენი მეზობლის გადაწყვეტილებამ საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ დაბრკოლება შეუქმნა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და მიმდინარე ანგარიშს, ტურისტული შემოსავლების შემცირების გზით. უცხოური ვალუტის შემოდინების მოსალოდნელმა შემცირებამ გამოიწვია ლარის გაუფასურება, რადგან უარყოფითი მოლოდინები გააქტიურდა, უფრო მეტადაც, ვიდრე ამას მოსალოდნელი საგარეო შოკის ზომა მიუთითებდა. აღნიშნულმა აკრძალვამ უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზე ტურიზმის ექსპორტის არხითაც. ექსპორტისა და გზავნილებისგან განსხვავებით, საქართველოს ტურიზმის სექტორში რუსი ტურისტების მონაწილეობა გაცილებით დიდია.
ვინაიდან გაცვლითი კურსის გადაცემა ინფლაციაზე გაძლიერდა და ინფლაციის რისკები შენარჩუნდა, სექტემბრის თვეში გამართულ შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ეროვნული ბანკი, საჭიროებისამებრ, კიდევ უფრო გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, ვიდრე არ შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძემ ინტერვიუში ეკონომიკური ზრდის კუთხით ეროვნული ბანკის მოლოდინებზეც ისაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე.
"საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 და 2020 წლებში დაახლოებით 4.5-პროცენტიან ზრდას ელოდება, სხვა თანაბარ პირობებში. მიუხედავად გაზრდილი გაურკვევლობისა, კვლავ მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის მთავარ მამოძრავებლად წმინდა ექსპორტი დარჩება, რასაც კონკურენტული გაცვლითი კურსი უწყობს ხელს. ამასთან, დაკრედიტების ზომიერი ზრდისა და დაგეგმილი ფისკალური ხარჯვის ფონზე, მოხმარებაც და ინვესტიციებიც დადებით წვლილს შეიტანს ზრდაში.
დოლარიზაციის მაჩვენებლების კუთხით დავინახეთ მნიშვნელოვანი შემცირება 2017 წლიდან დაწყებული დღემდე. ჩვენთვის ცნობილია, რომ დე-დოლარიზაცია ხანგრძლივ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, თუმცა სწორი და დაბალანსებული პოლიტიკის გატარებით, ჩვენ მოველით, რომ დე-დოლარიზაციის პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება, რაც აუცილებელია სისტემის მდგრადობის შემდგომი გაძლიერებისთვის", - აღნიშნა ინტერვიუში კობა გვენეტაძემ.
„1987 წელს დაარსებული Global Finance დღეს მიმოქცევაშია 193 ქვეყანაში, 50 000-იანი ტირაჟით. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტიეროვნულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი უფროსი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 31-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია განლაგებული და ჟურნალს გააჩნია წარმომადგენლობები მთელ მსოფლიოში. Global Finance ყოველწლიურად ირჩევს ბანკებისა და ფინანსური მომსახურების სხვა პროვაიდერების საუკეთესო წარმომადგენლებს. Global Finance-ის ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის ხარისხის ერთგვარ სტანდარტს წარმოადგენს“. - ნათქვამია ინფორმაციაში.