ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების როლი ეკონომიკის განვითარებაში - საქართველო მსოფლიო ექსპერტებს მასპინძლობს

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გლობალური კუნკურენტუნარიანობის ინდექსში ინოვაციურობის კუთხით, საქართველომ წელს 33-ე ადგილი დაიკავა. ამ ანგარიშის გამოქვეყნება კი თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პერიოდს დაემთხვა, რომლის ერთ-ერთ მთავარ თემას ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნამდე ერთი დღით ადრე, „ტექნოპარკმა“ ტექნოლოგიების მიმართულებით მსოფლიოს გავლენიან ექსპერტებს უმასპინძლა, რომელთაც თავიანთი ხედვები გააცნეს როგორც ახალგაზრდა სტარტაპერებს, ასევე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკითხებში გათვიცნობიერებულ პირებს, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

ღონისძიების მთავარი თემა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ზრდად სექტორს - ტურიზმს და ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისთვის მასში ტექნოლოგიების გამოყენებას ეხებოდა.

გამომსვლელებმა ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, გამოწვევები და ხედვები განიხილეს და აუდიტორიას თავიანთი შეხედულებებიც გაუზიარეს. ექსპერტებს შორის იყო კომპანია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელი (Solution Professional Data & AI at Microsoft CEE Multi Country) მარკო მარნი და გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი (UNICRI) ირაკლი ბერიძე.

ირაკლი ბერიძე 2014 წლიდან უძღვება მის მიერ ინიცირებულ გაერო-ს პროგრამას ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის მიმართულებით. ამასთან, მას აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მრავალმხრივ მოლაპარაკებებში. გაერო-ს პროგრამის ქართველი ხელმძღვანელის ფორუმში ჩართულობა და გამოცდილების ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის გაიზარება „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი აღმოჩნდა.

თავის მხრივ, ირაკლი ბერიძემ ხელოვნურ ინტელექტში საქართველოს პოტენციალი შეაფასა. მისი თქმით, საქართველოში ტექნიკური მიმართულებით, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა; ამასთან, ბევრი საინტერესო სტარტაპი დაიწყო, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

„მაგალითად, ხვალ იხსნება „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია“, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ სფეროს ძალიან წაადგება. ასევე, ვხედავ, რომ როგორც სახელმწიფოსგან, ისე კერძო სტრუქტურებისგან დიდი ჩართულობაა. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ეს პროცესები საკმაოდ სწრაფი ტემპებით იწყებს განვითარებას“, - აღნიშნა მან.

ირაკლი ბერიძეს ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ პირებთან და საქართველოს მთავრობასთან რეკომენდაციებიც აქვს. მისი თქმით, პირველ რიგში, „რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავერკვეთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალსა და მის დადებით თუ უარყოფით მხარეებში“.

კითხვაზე, თუ რომელ სფეროში შეუძლია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვა და კონკრეტულად, რა მიმართულებით შეიძლება დაინტერესდნენ უცხოელი ინვესტორები, ირაკლი ბერიძემ უპასუხა, რომ მათ შორის, ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება, სოფლის მეურნეობაც იყოს. რაც შეეხება ინვესტორების ინტერესს, ექსპერტის თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ყურადღება გლობალურად იზრდება, შესაბამისად, საქართველოსაც ამ პროცესში ჩართვის დიდი პოტენციალი აქვს.

„ხელოვნური ინტელექტი ინერგება თითქმის ყველა სფეროში: განათლების სფერო, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტაცია, ენერგეტიკა, უსაფრთხოების საკითხები და კრიმინალთან ბრძოლა. გლობალურად, ხელოვნური ინტელექტის ბაზარი ექსპონენციალურად იზრდება, ამიტომ მსოფლიოს მასშტაბით ამ ტექნოლოგიისა და მისი ეკონომიკური პოტენციალის მიმართ. დარწმუნებული ვარ, საქართველოც ნამდვილად არ იქნება გამონაკლისი და ძალიან დიდი ინტერესი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მთავრობისთვის მიცემულ რეკომენდაციას, ის ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნას გულისხმობს. ირაკლი ბერიძე განმარტავს, რომ ასეთი სტრატეგია დღეს, მსოფლიოს 40 ქვეყანას აქვს შემუშავებული.

„სტრატეგია შეიძლება იყოს მრავალმხრივი. მან უნდა განსაზღვროს ძირითადი პრიოტეტები, რაც ქვეყანას გააჩნია და სად შეიძლება მისი უკეთესად გამოყენება“, - აღნიშნა ირაკლი ბერიძემ.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნიკოლოზ ალავიძემ გახსნა.

როგორც მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველო ინოვაციების კუთხით საკმაოდ დადებითად პოზიციონირდება. ამასთან, მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულად რჩება.

„როგორც იცით, საქართველო გლობალური ინოვაციების ინდექსის მიხედვით, 50-ეულში შედის. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას, ჩვენთვის ესეც პრიორიტეტულად რჩება. ყველასთვის მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც“, - აღნიშნა მან.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ პანელზე გამომსვლელი იქნება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ენუქიძე, რომელიც როგორც საქართველოში, ისე გლობალურად, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრებს. „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ერთ-ერთი პირველია, რომლის სტუდენტებიც ტექნოლოგიური სტარტაპების სიმრავლით გამოირჩევიან.

ნინო ენუქიძის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, საქართველოს დიდი ნაბიჯები აქვს გადადგმული. მისივე თქმით, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩვენს ქვეყანაში ჩატარება საქართველოს კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს.

„რაში სჭირდება საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარება? - პასუხი მარტივია, ეს არის პირდაპირ მიბმული მთელ რიგ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც ძალიან მკვეთრად და ძალიან მოკლე დროში შეიძლება გაუმჯობესდეს. თუმცა ამას ხშირად თან ახლავს შეშინებული, ამ სერვისში გაუთვიცნობიერებული პირების კომენტარები, თითქოს ეს ხელს შეუშლის მაგალითად, დასაქმების მაჩვენებელს და ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს, რაც არასწორი მიდგომაა. „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სწორედ ამას განვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური ფორუმის ჩატარება ქვეყანაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას ძალიან უწყობს ხელს, ვინაიდან, როგორც წესი, მის ფარგლებში განიხილება არა კონკრეტული ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები, არამედ მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური საკითხები, ტექნოლოგიის ეკონომიკის, სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით. ამასთან, ფორუმის ასეთ დონეზე ორგანიზება, როგორც ჩვენთან არის, დასავლეთის ძალიან ბევრ ქვეყანასაც უჭირს, ამიტომ ამით აღფრთოვანებული ვარ“, -აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმი, ამიტომ ფორუმის პარალელური ღონისძიების მთავარი აქცენტები ამ სექტორში ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების როლსა და მათი საშუალებით ეკონომიკის განვითარების დაჩქარებაზე გაკეთდა.

ავტორი მარიამ მენაბდიშვილი