”დიდი დეპრესია”

1929 წლის კრიზისმა შეერთებული შტატების ეკონომიკა, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორა.ამან კი ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი დეპრესია გამოიწვია, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ინდუსტრიულ ქვეყანაში ოდესმე ყოფილა. ბანკებთან იმედგაცრუებული ადამიანების გრძელი რიგები იდგა. კრიზისი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობას, საწარმოებს და მძიმე მრეწველობას შეეხო. ნიუ-იორკის ბირჟის გაკოტრებამ არც საქმიან ადამიანებს აუარა გვერდი, ბოლო მოუღო მათ დანაზოგებს, კაპიტალდაბანდებებსა და გასაღების ბაზარს. სწრაფად განვითარებული საავტომობილო ინდუსტრიაც შესაბამის შედეგამდე მივიდა და ავტომობილების გაყიდვა 65%-ით დაეცა. 1929 წლიდან 1932 წლამდე სოფლის მეურნეობის შემოსავლები 70%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი ზარალი კი ბამბის, თამბაქოს და მარცვლეული კულტურების მწარმოებლებმა განიცადეს.

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბანკები თავის ნებაზე მიუშვა და ჩასაძირად გაწირა, რადგან უუნარო იყო, ამ მდგომარეობაში რაიმე გადაწყვეტილება მიეღო. საბანკო სექტორმა სრული კატასტროფა განიცადა 1930 წელს 1352 ბანკი დაიხურა, ხოლო სამი წლის შემდეგ ეს ციფრი 4004-მდე გაიზარდა. ოქროს ფასი ძირეულად შეიცვალა დოლარის მიმართ. იმ წელს ქვეყანაში უმუშევრობამ 13 მილიონს მიაღწია. შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა შეძლო ამ მდგომარეობას გარკვეულწილად გამკლავებოდა. მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. დიდი ქალაქების გარეუბნებში ახალი, ღარიბული კვარტალები გაჩნდა. 1933 წლის თებერვალში მიჩიგანის შტატში 8 დღით დაიხურა ბანკები, რადგან დეტროიტის ცენტრალურმა ბანკებმა ვერ შეძლეს დავალიანებების გადახდა. აღშფოთებული ხალხი ბანკებს მიაწყდა.

რესპუბლიკური პარტიის ადმინისტრაციამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად წამოწყებულ ეკონომიკურ პოლიტიკაში მარცხი განიცადა. 1931 წელს ეკონომიკის გაკოტრებულმა სექტორებმა და ხელფასების შემცირებამ შეამცირა მოსახლეობის მყიდველობითი უნარი და წარმოქმნა შეუსაბამობა მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის. მყიდველის არარსებობის გამო ბაზარზე უამრავი საქონელი მოზღვავდა. ”დესპოტად” მონათლულმა პრეზიდენტმა ჰუვერმა პოპულარობა დაკარგა. ქვეყანა საშინელ სიღარიბეში შთაინთქა. ახალ კვარტალებს ”ჰუვერვილებს” ეძახდნენ, ხოლო გაზეთებს – ”ჰუვერის საბნებს”. 1933 წლის 4 მარტს ამერიკის პრეზიდენტი გახდა ფრანკლინ დელანო რუზველტი. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ქვეყანაში ბანკები იხურებოდა.

კრიზისიდან გამოსვლა

ქვეყანაში გამეფებული ”დიდი დეპრესიიდან” გამოსასვლელად დაიწყო ბრძოლა უმუშევრობის დასაძლევად. ინდუსტრიულ პროცესებსა და ბანკების გაკოტრების საქმეებში სახელმწიფო აქტიურად ჩაერია. სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ჩარევა აუცილებელი იყო, რათა ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობა აღედგინა. საჭირო იყო შრომის ბაზარზე და ფასებზე კონტროლის დაწესება, ხალხის დასაქმება და ინფრასტრუქტურაში კაპიტალდაბანდებების მოზიდვა. ამბობდნენ, რომ საბაზრო ეკონომიკის განვითარების ასეთი ფორმით დაგეგმარება ისეთ თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც ამერიკა იყო, მეტად თამამ და სარისკო ნაბიჯს წარმოადგენდა. თუმცა, ბრიტანელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი მომხრე იყო ქვეყნის ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევისა, რათა აღდგენილიყო წონასწორობა შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის. ახალმა დემოკრატმა პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ამ ახალი ეკონომიკური ხაზის გატარების საშუალება ხელიდან არ გაუშვა და პოლიტიკურ საქმიანობაში დანერგა ფრაზა: try something (სცადე რაიმე). ასე რომ, სულ მალე, 1933 წელს, ამოქმედდა პროგრამა new deal (ახალი კურსი), რაც ეკონომიკურ რეორგანიზაციაში ფედერალური მთავრობის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობდა. ბევრ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით, გერმანიასა და იაპონიაში, ამ დროს მძიმე მრეწველობის განვითარება იარაღის წარმოებით დაიწყეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს ქვეყნები მორიგი ომისთვის ემზადებოდნენ, ამ ვითარებაში ამერიკის გამოსვლა ეკონომიკური კრიზისიდან ახალ საერთაშორისო კონფლიქტში ჩართვის მაუწყებელი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ფრანკლინ დელანო რუზველტის წინამორბედი პრე­­ზიდენტის, ჰუვერის მიერ გატარებულ laissez faire-ის (ჩაურევლობის) პრინციპს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას გულისხმობდა, რუზველტი ინტერვენციული პოლიტიკით დაუპირისპირდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფოს საკუთარ თავზე უნდა აეღო ეკონომიკაში არსებული ყველა პრობლემის მოგვარება. მეინარდ კეინსის მასობრივი უმუშევრობის პრობლემებზე შექმნილი ეკონომიკურ-რევოლუციური თეორიები და მისი ”ფულის ტრაქტატი” (1930) რუზველტის სამაგიდო წიგნად იქცა. 1936 წელს ”დიდი დეპრესიის” გამომწვევი მიზეზების გაანალიზების შემდეგ, წამყვანი ამერიკელი ეკონომისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კლასიკური ეკონომიკური თეორიები, რომლებიც კრიზისიდან გამოსვლის გზად ქვეყნის ბიუჯეტში დანაზოგის შენარჩუნებას და საქონლის თვითღირებულების შემცირებას ისახავდნენ, პრობლემის მოსაგვარებლად ვერ გამოდგებოდა. კეინსის აზრით, მდგომარეობა გამოსწორდებოდა, თუ დანახარჯი გაიზრდებოდა, რაც ხელს შეუწყობდა კაპიტალდაბანდებებისა და გასაღების ბაზრის ზრდას. გადასახადების დარეგულირებაში სახელ­მწიფო მიიღებდა მონაწილეობას, რაც მოსახლეობის მსყიდ­ველობით უნარს გაზრდიდა. კაპიტალდაბანდებების ზრდა გამოიწვევდა უმუშევრობის შემცირებას, დარეგულირდებოდა ფასები და მეწარმეებს პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა მიეცემოდათ. რუზველტი ”ახალი კურსის” გატარებას შეუდგა.

გაგრძელება ,,ახალი კურსი" იხილეთ Time-ის სერიის ტომში ,,დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე"

ამ ტომში ასევე იხილავთ:

ინტერვიუ ალ კაპონესთან

ცხენიდან ტანკამდე

რადიოს განვითარება

პრესა ამას ასე აშუქებდა 1929 წლის ,,უოლ სტრიტის" კრახი და სხვა.

წიგნის ფასი 11 ლარი