ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოსახლეობის პროტესტის გამო, უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანიას თქმით, უნდა ვიცოდეთ, რომ „მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე“.
„ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვავითარეთ ადგილობრივი გენერაცია, არ ავაშენეთ ჰესები, ქარის სადგურები და ასე შემდეგ, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე. იმპორტირებული ელექტროენერგია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ძვირია, ამიტომაც აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობების ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე. ასე რომ, თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები“, - აცხადებს ნარმანია.
მისივე თქმით, არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც საკითხში გაურკვეველი პირები ვიღაცების მართული პროცესების გამო აჩერებენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტს.
„თითოეული მეგავატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იგივე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, სჭირდება ენერგია და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა იძახის, რომ სჭირდება იაფი ენერგია. ეს მოთხოვნა სწორია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ძალიან იაფი ენერგია ვერ გვექნება და თუ მუდმივი პროტესტი და წინააღმდეგობა გვექნება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია კიდევ უფრო გაგვიძვირდება მომავალში. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა დარწმუნდეს მოსახლეობა, კონკრეტული ჰესი რა გავლენის იქნება. მეორე მხრივ, თუ რამე ჰესის მშენებელ კომპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტში შესაცვლელი და დასახვეწია, შეიძლება შესწორდეს. რაღაც დათმობაზე ინვესტორი უნდა წამოვიდეს, რაღაც დათმობაზე მთავრობა და მოსახლეობა. ყველამ თითო ნაბიჯი უკან თუ არ გადადგა, ისე ეს პროცესი წინ ვერ წავა. უნდა მოვისმინოთ მოსახლეობის მოთხოვნა მკაფიოდ და არგუმენტირებულად და არა ისე, რომ ეს ხეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ეს სპეციალისტებმა უნდა ნახონ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც იგივე პანკისის ჰესს აქვს და მე კარგად წავიკითხე ეს დოკუმენტი, მის მიხედვით არ დგინდება, რომ ჰესს შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ხეობაზე. ყოველთვის მოიძებნება კონსენსუსი. ამის გარეშე ინვესტორი ცოდოა, მან ფული უკვე დახარჯა, კვლევებია გაკეთებული, ტექნიკა მობილიზებული იყო, ტრაქტორი დაიწვა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცებს უნდა მოეთხოვოთ, ვინც ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ მოდით, ეს იყოს ერთი უკან დახევა ინვესტორის მხრიდან, კეთილი ნაბიჯი, რომ არ უჩივლოს მას, ვინც ცეცხლი მოუკიდა მის ტრაქტორს. ასე ტრაქტორების დაწვით და ა.შ. საქმე არ გაკეთდება. მოლაპარაკებებით, თბილი საუბრით რაღაც კონსენსუსამდე აუცილებლად მივალთ. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის სწორად უყურებს პროცესებს, უბრალოდ რაღაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს საჭირო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა. არიან რადიკალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი უნდა აშენდეს ამ ქვეყანაში და რომ კითხოთ, რომ აბა, საიდან უნდა მოვიტანოთ ელექტროენერგია, ამბობენ, რომ თქვენ ხართ მთავრობა და საიდანაც გინდათ მოიტანეთ. ერთად უნდა დავსხდეთ, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ და ვიდაოთ, მაგრამ ჰესი უნდა ავაშენოთ“, - აცხადებს ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.