ტაქსებთან დაკავშირებით ისეთი არაფერია, რაზეც შიშის ზარი უნდა შემოვკრათ, - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი, სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ნარმანია მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას აფასებს, კახა კალაძის ინიციატივებს „კარგ საქმეებს“ უწოდებს, თუმცა ფიქრობს, რომ ტაქსების რეფორმამ გარკვეული უხერხულობა შექმნა.
„სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისის მერიაში კომპლექსურია და ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი მერობის დროს დავიწყეთ, ასევე, ესაა ახალი ავტობუსების პროექტი, რომელიც გრძელდება. ეს ძალიან კარგი საქმეა. მეორე ეს არის მეტროპოლიტენთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურა მეტწილად მოძველებულია, ხდება ვაგონების მოდერნიზაცია და მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ტაქსების რეფორმას, ეს რეფორმა მნიშვნელოვანი, საზოგადოების მხრიდან მხარდასაჭერი და სწორად აღსაქმელია. რატომ არ უნდა იღებდნენ ვთქვათ, ვაუჩერს, რომლითაც უფასოდ შეეძლოთ მანქანის გაწმენდა და შეღებვა? - მერიის მხრიდან იყო მოწოდებები და მთელი თვეების განმავლობაში იხვეწებოდა მერია, რომ წაიღეთ ვაუჩერი. ბევრი მძღოლის მხრიდან არასწორად იქნა ეს პროცესი დანახული და სწორედ ამან გარდამავალ პერიოდში გამოიწვია გარკვეული უხერხულობა. თუმცა ყველა რეფორმას ახლავს უხერხულობა და ყველა მხარე ყოველთვის თანაბრად კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ეს ასეც იქნება, რომ უახლოეს მომავალში დასტაბილურდება სიტუაცია და ფასებიც შემცირდება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქალაქის მერიას და ყველას გვქონდეს სწორი პოზიცია. ამ კონცეფციაზე ჩემი მერობის დროსაც ბევრი მსჯელობა იყო. ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაა შესწავლილი და უმტკივნეულოდ ამას არსად ჩაუვლია, თუმცა ეს ისეთი რამ არაა, რაზეც შიშის ზარი უნდა შემოვკრათ. ეს ყველაფერი გასაკეთებელი იყო ეტაპობრივად, პროცესი მიმდინარეობს და შედეგიც აუცილებლად იქნება“, - აცხადებს დავით ნარმანია.