"ანაკლიის პორტი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი - დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება"

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის შემდეგ განუცხადა, მთავრობაც მაქსიმალურს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს.

„ანაკლიის პორტი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება. „საპარტნიორო ფონდს“ თავისი სერიოზული წვლილი აქვს ამ პორტის შექმნაში“, - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ კონსორციუმი ვალდებულებების განხორციელებას შეძლებს.

„დღესაც გვქონდა შეხვედრა კონსორციუმის წარმომადგენლებთან. მათ აქვთ დრო ამ ვალდებულებების შესასრულებლად. მთავრობაც მაქსიმალურს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ეს გრანდიოზული პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა საგანელიძემ.