„ანაკლიის განვითარების პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება, ჩვენ ამ შეხვედრებს გავმართავთ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში"

ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გამართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი მოვძებნოთ, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის „მინისტრის საათისა“ და სხვა ფორმატებში პარლამენტში ანაკლიის თემასთან დაკავშირებით არაერთხელ წარსდგა.

„ასევე არაერთი დებატი, ღია ეთერი, განცხადება მქონდა ანაკლისის თემასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ გვიჭირს ანაკლიის თემაზე ღია და საჯარო საუბარი. არაერთხელ იყო ასევე ჩემი მხრიდან შეთავაზება მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც რაც არ უნდა თქვას, მაინც არის ანაკლიის კონსორციუმის ძირითადი წარმომადგენელი, ღია და სატელევიზიო დებატები გაგვემართა, რაზეც მივიღეთ უარი. ახლა არის ის დრო, როცა ჩვენ კონსორციუმთან გვაქვს სამუშაო შეხვედრების ფორმატი. არასდროს არ გვქონია დიალოგის პრობლემა და შეხვედრის პრობლემა ანაკლიის კონსორციუმთან,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ცქიტიშვილი ამბობს, ანაკლიის კონსორციუმთან შეხვედრა ამ კვირაშიც იგეგმება.