სს „ნიკორამ“ „თიბისი კაპიტალის“ მეშვეობით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

„თიბისი კაპიტალის“ დახმარებით სს „ნიკორამ“ საჯარო ემისიის სახით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა.

ობლიგაციების ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც „ნიკორამ“ ობლიგაციები განათავსა. ამჯერად ობლიგაციების განთავსება ლარში მოხდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, თავი აარიდოს მნიშვნელოვან სავალუტო რისკებს.

როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც დაგირავებადი იქნება სებ-ში, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს დამატებითი ლარის რესურსი მოიზიდონ ხელმისაწვდომ ფასში.

„ჩვენი კომპანია რამდენიმე წელია რაც წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. 2 ემისია უკვე დახურულია. დარჩენილია 25 მილიონი ლარის ობლიგაციები, რომელიც „ნიკორა ტრეიდს“ აქვს განთავსებული. ახალი ემისია კი „ნიკორა ჰოლდინგის“ მიერ ეროვნულ ვალუტაში განხორციელდა. ლარში განთავსებით ნაკლებად ვართ დამოკიდებული ლარის კურსის მერყეობაზე და სავალუტო რისკებისგანაც მეტად დაცულები ვართ. „ნიკორას“ მთელი შემოსავლები საქართველოში გენერირდება, შესაბამისად, სასურველია, რომ მოზიდული სახსრებიც იყოს ლარში. აღსანიშნავია ისიც, რომ მოზიდული რესურსი კვლავ კომპანიას მოხმარდება. ზოგადად, ობლიგაციების განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია მოზიდული ფინანსური სახრების დივერსიფიკაციისთვის. ამ დროისთვის ჩვენ მიერ მოზიდული სახსრების ნახევარზე მეტს არა საბანკო სესხი, არამედ - ობლიგაცია შეადგენს. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა იმ ფაქტმა, რომ „ნიკორა ჰოლდინგის“ საკრედიტო რეიტინგი Scope Rating-ისგან BB-/Stable დონით განისაზღვრა, ხოლო კომპანიის ფასიანი ქაღალდების დონე - BB/Stable-ით. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რადგანაც ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის რეიტინგიც იმავე მაჩვენებლით არის განსაზღვრული,“ - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ განაცხადა, ეს არის პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR), რაც მიზნად ისახავს TIBR-ის პოპულარიზაციას და მის დამკვიდრებას ქართული კაპიტალის ბაზარზე.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ სს ნიკორას მორიგი ობლიგაციის წარმატებული განთავსება მოხდა თიბისი კაპიტალის მეშვეობით. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი. სს ნიკორა, სს ნიკორა ტრეიდთან ერთად, ქართული კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა. ეს ჯგუფის უკვე მეოთხე წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოში ყველაზე მეტია. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად საქართველოში ეს არის TIBR -ზე მიბმული ინდექსი, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას და ინვეტსორებს უფრო რეალურ ფასში განსაზღვრულ ფასიან ქაღალდში განახორციელონ ინვესტირება. დღეს დიდია ინტერესი ეროვნულ ვალუტაში გამოცემული ობლიგაციების მიმართ, რასაც ადასტურებს აღნიშნული ემისია. მასში მონაწილეობა შვიდმა სხვადასხვა ინვესტორმა მიიღო,“ - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ.

„ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 21 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ნიკორა ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი - 280-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, მისი თანამშრომლების რიცხვი კი 6000-ს აჭარბებს.

„თიბისი კაპიტალი“, რომელიც „თიბისის“ შვილობილი კომპანიაა და საინვესტიციო საბანკო, საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო საქმიანობას ეწევა, სს „ნიკორასთან“ 2017 წლიდან თანამშრომლობს.