საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში გამართულ პირველ პანელში - „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისთვის“.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პანელის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონის ეკონომიკის ახალი არქიტექტურა, აბრეშუმის გზის ფარგლებში თანამშრომლობის საფუძვლები, პატარა ეკონომიკების ინტეგრაციის შესაძლებლობები და გამოწვევები.
სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობას. მან გამოყო ინვესტიციები ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში, რომელშიც ასევე იგულისხმება შავი ზღვა, არსებული პორტების მოდერნიზაცია-გაფართოებით და ღრმაწყლოვანი პორტის აშენებით ანაკლიაში.
,,ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მისცემს ქვეყანას უკეთესად მოემსახუროს აბრეშუმის გზის საჭიროებებს. ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთკავშირებზე, პრიორიტეტზე. ეს არ გახლავთ მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ეს გულისხმობს უფრო ლიბერალურ ეკონომიკას, უფრო მეტ კავშირს ქვეყნებს შორის, მეტ კონტაქტს რეგიონებთან. ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ უკეთეს ინტეგრაციაში. ვფიქრობ, ამ ორი დღის განმავლობაში გაცილებით მეტს მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეუძლია შესთავაზოს ჩვენმა ქვეყანამ თითოეულ თქვენგანს და გავუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და ინფორმაციას“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
პანელის მოდერატორი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი ნურიელ რუბინი იყო. პანელში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავანიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ელიორ განიევმა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა.
ცნობისთვის, 22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს.
ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.