უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას არ მოველით, მაგრამ თუ წლების მანძილზე არ დაიძრა ჰესების მშენებლობები, გაიზრდება იმპორტი და ტარიფი ჩვენს შიდა პოლიტიკაზე კი არა, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სემეკის ახალი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მიერ „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ თუ ჰესები არ აშენდება, ელექტროენერგია გაძვირდება.
თურნავას თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ჰესების ასაშენებლად.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური გეგმა, გავაგრძელოთ ჰესების მშენებლობა. აქ საუბარი არაა მხოლოდ მსხვილ ჰესებზე, საუბარია მცირე, მწვანე, გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ჰესებზე.
ბოლო დროს რასაც ვხედავთ, ესაა მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, რომლის დაკმაყოფილებაც იმპორტით გვიწევს, რაც ნორმალური ვითარება არაა, რადგან მდიდარი ვართ ჰიდრორესურსებით. მოსახლეობასთან დიალოგით, აქტიური მუშაობით გარემოსდაცვითი კუთხით გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას. ბევრი ჰესი შენდება ხმაურის გარეშე, რაც ძალიან გვახარებს“, - აღნიშნა თურნავამ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოსახლეობის პროტესტის გამო, უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანიას თქმით, უნდა ვიცოდეთ, რომ „მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე“.