ნურიელ რუბინი - საქართველოს შეუძლია ახალი „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს

რეგიონული ეკონომიკის ახალი არქიტექტურა, აბრეშუმის გზის გასწვრივ თანამშრომლობის გზამკვლევი, მცირე ეკონომიკების როლის გაძლიერერება, - ეს საკითხები დღეს „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა და ექსპერტებმა განიხილეს.

პანელს, რომელზეც აღნიშნული საკითხები იყო წარმოდგენილი, დოქტორი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნოურიელ რუბინი უძღვებოდა. ნოურიელ რუბინი გლობალური მაკროეკონომიკური საკონსულტაციო ფირმის აღმასრულებელი დირექტორი და Rosa & Roubini Associates-ის თანადამფუძნებელია.

პანელის დასრულების შემდეგ რუბინმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძიების საკითხისა და რეკომენდაციების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურის მეტად განვითარება და უფრო კვალიფიციური სამუშაო ძალა სჭირდება.

როგორც ვიცით, დღევანდელი ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. როგორ შეაფასებთ ეკონომიკის განვითარებაში ინფრასტრუქტურის როლს, როგორ ართმევს თავს ამას საქართველო? ამასთან, ახალი „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში როგორია საქართველოს როლი?

ეკონომიკის განვითარებაში ინფრასტრუქტურას საკვანძო როლი აქვს. ის კაპიტალის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. განვითარებაში ასევე საჭიროა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური და ინსტიტუციური კაპიტალი.

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დაახლოებით, 18 ქვეყანას შორის, საქართველო არის ერთადერთი, რომელსაც აქვს ზღვაზე გასასვლელი და რამდენიმე პორტი. მჯერა, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით მეტი განვითარებისთვის საქართველოს სჭირდება კავშირები, რომელიც პირველ რიგში ინფრასტრუქტურას მოიცავს - რკინიგზები, მაგისტრალები, მნიშვნელოვანი პორტები ან აეროპორტები. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ახალი „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, რომელიც აზიას, ჩინეთსა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. ასევე, ვფიქრობ, რომ ლოგისტიკის ჰაბები, ციფრული და ვირტუალური ინფრასტრუქტურა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ეკონომიკის განვითარების საკვანძო ელემენტებია. ვფიქრობ, საქართველოში ინფრასტრუქტურა საკმაოდ მდგრადია, თუმცა ამ შემთხვევაში, ახალი აეროპორტების, პორტებისა და რკინიგზის განვითარებაზე, ლოგისტიკის ჰაბების შექმნაზე ვსაუბრობ, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს. უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს. ასევე, განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ადამიანური კაპიტალი.

სხვადასხვა რეიტინგში საქართველოს კარგი პოზიტიცია უჭირავს. მაგალითად, Doing Business-ის (ბიზნესის კეთების სიმარტივე) რეიტინში. თქვენი აზრით, როგორ შეუძლია საქართველოს ამ პოზიციების უკეთ გამოყენება, იმისათვის, რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს?

საქართველომ უკვე შესამჩნევად ბევრი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა. 2014 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებმა მთლიან შიდა პროდუქტში საშუალოდ, 10%-ს მიაღწია. ვიტყოდი, რომ მეტი ინვესტიციის მოსაზიდად უცხოური ბიზნესი ორ რამეს იტყოდა: პირველი არის თქვენი მთლიანი ფიზიკური ინფრასტრუქტურის საკითხი და კავშირები მსოფლიოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ მდგრადია, გაუმჯობესებაც შესაძლებელია, რომ საქართველო საერთაშორისო ბიზნესსა და ვაჭრობაში უკეთ ჩაერთოს. წარმოებასა და ტექნოლოგიებში, რომელიც ეკონომოკის მსხვილი ნაწილია, ძალიან კვალიფიციური სამუშაო ძალა უნდა იყოს ჩართული. საქართველოში შეინიშნება, რომ სამუშაო ძალის უნარების გაუმჯობესება შესაძლებელია. მთავრობის საგანმანათლებლო რეფორმების იმპლემენტაცია სწორედ ამიტომ მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტების მიერ იმ უნარების ათვისება, რაც ტექნოლოგიებზე, ცოდნაზე, ინოვაციებზე, მაღალკვალიფიციურ პერსონალზე დაფუძნებულ მომავლის ინდუსტრიაშია საჭირო, ქვეყნის ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

როგორ ფიქრობთ, რა არის საქართველოს ეკონომიკის უპირატესობები და გამოწვევები?

ვფიქრობ, ერთი მხრივ, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საკმაოდ დიდი უპირატესობაა - თქვენ აბრეშუმის გზის ცენტრში ხართ, ევროპასა და აზიას შორის, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. თქვენი ეკონომიკა ღიაა, თავისუფალ ვაჭრობასთან, კერძო ბიზნესის ღიაობასთან, დაბალ გადასახადებთან დაკავშირებით არაერთი რეფორმა განახორციელეთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღია ხართ, საერთო ჯამში, ბიზესგარემო საკმაოდ მდგარია, რაც ეკონომიკური წარმატებისთვის საბაზისო მდგომარეობას წარმოადგენს. ვიტყოდი, რომ მთავარი გამოწვევა ამ ღიაობის მიუხედავად, პროდუქციის დივერსიფიცირების შეზღუდული მაჩვენებელია - თქვენ ფოკუსირებული ხართ კაკლის, ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე, მაგრამ უფრო ფართო დასახელების პროდუქცია უნდა აწარმოოთ და საექსპორტოდ გაიტანოთ. ვფიქრობ, წარმოების ინდუსტრიაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მეტი ტექნოლოგოგიის შექმნისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

რა რეკომენდაციებს მისცემთ საქართველოს მთავრობას?

პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ ბევრი ეკონომიკური რეფორმა გაატარა. ვიტყოდი, რომ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. საგანმანათლებლო რეფორმები უკვე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ასევე, პრიორიტეტს წარმოადგენს ინფრასტრუქტურაში ინვესტირება, ტრანსპორტირება და ლოგისტიკა, რომელსაც განვითარებაში დიდი როლი აქვს; პრიორიტეტია ენერგეტიკა, როგორც ჰიდრო, ისე ქარის ენერგიის მიმართულებით; ბიზნეს სექტორს უკვე საკმაოდ დაბალი გადასახადები აქვს, თუმცა შესაძლოა, გადახდისუუნარობის კანონი გჭირდებათ, ასევე, გჭირდებათ უფრო გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო სისტემა და რეალურად, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ წარმოებული პროდუქციის დივერსიფიცირება როგორ არის შესაძლებელი.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ შესანიშნავი სამზარეულო გაქვთ, არაჩვეულებრივი მუსიკა, ხელოვნება, მრავალფეროვანი კულტურა და ა.შ.