დამბალხაჭოს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) - ტრადიციული ფშაური საკვებია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსაგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსში - ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი კვამლის ზევით ჰკიდია. გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ჰერმეტულობის და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში. ლბობის პროცესში გარედან იკიდებს "კეთილშობილ ობს", რომელიც გემრილიცაა და სასარგებლოც. ობიანი კანის შიგნით ხაჭოს კვერები ლბება და სასიამოვნო ოქროს ფერს იღებს. დღეისთვის ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვლავაც შემორჩენილია დამბალხაჭოს არა მხოლოდ კეთების (ოჯახში მოსახმარად), არამედ სარეალიზაციოდ წარმოების ტრადიცია. სარეალიზაციოდ არაგვისა და ივრის ხეობის სოფლებში დაახლოებით 20-25 ოჯახი ინტენსიურად პრაქტიცირებს დამბალხაჭოს უძველესი ტექნოლოგიით დამზადებას. ომში, სხვა შესაბამის საგზალთან ერთად, ფშაველ მეომრებს საკვებად, გამძლეობისა და სიმსუყის გამო, სწორედ დამბალხაჭო მიჰქონდათ.

bpn