"რაც უფრო მალე აღდგება რუსეთთან ფრენები, მით უფრო უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის"

რაც უფრო მალე აღდგება რუსეთთან ფრენები, ჩემი აზრით, მით უფრო უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის და ადამიანებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ფრენების შეჩერებამ ჩვენი მოქალაქეები, მცირე ბიზნესი და საოჯახო სასტუმროები დააზარალა.

„ვერაფერს გეტყვით, რა დონეზე უნდა იყოს წარმართული დიალოგი რუსეთთან, ამაზე, რა თქმა უნდა, გუნდი იმსჯელებს. რაც შეეხება ზოგად ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ვინაიდან ფრენების შეჩერებამ დააზარალა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ოჯახები, მცირე ბიზნესი, საოჯახო სასტუმროები, ჩვენ მივესალმებით თუკი ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენები აღდგება. ჩვენი შესაბამისი სამსახურები, ვინც განაგებს საჰაერო სივრცის საკითხებს, არიან მზად ჩაერთონ დიალოგში, მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული წერილობითი კომუნიკაცია. გამიჭირდება კონკრეტული ვადების თქმა, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ არაა მიღებული, მაგრამ, ჩემი აზრით, რაც მალე აღდგება, მით უფრო უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის და ადამიანებისთვის“, - განაცხადა თურნავამ.