საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტისთან გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები.
საქართველოს ვიცე-პრემიერი მიესალმა იტალიის მთავრობის წევრების მონაწილეობას “აბრეშუმის გზის ფორუმში” და ხაზი გაუსვა საქართველოში იტალიური კომპანიების საქმიანობის მნიშვნელობას.
ცნობისთვის, 22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ, აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება.