BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი.

ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, გაჰყვეს ირლანდიის გზას, რომელიც რამდენიმე წელიწადში ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანა გახდა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოსთვის?

ვფიქრობ, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს მომავალი წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთან, მინდა საქართველო ჩემს სამშობლოს - ირლანდიის რესპუბლიკას შევადარო. როცა დავიბადე, სულ რამდენიმე წლის წინ, ირლანდია დასავლეთ ევროპაში უღარიბესი ქვეყანა იყო. შემდეგ, შეუერთდა ევროკავშირს, თავისი პერსპექტივები გააფართოვა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის გადამზადებაში, ახლა კი ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა. მასზე მდიდარი მხოლოდ ლუქსემბურგია. ვფიქრობ, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას. ამ კონკრეტული კონფერენციით საქართველო წინ მიიწევს და ფორუმი - სწორედ ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხალხი ბიზნესს ხალხთან ერთად აკეთებს და არა კომპანიებთან და თუ 60 ქვეყნის ხალხს ერთად შეკრებ, ისინი ბიზნესს ერთად გააკეთებენ.

როგორ ფიქრობთ, ამ პროცესში კომუნიკაცია რამდენად მნიშვნელოვანია?

როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გქონდეს შესაძლებლობა, ხალხს ესაუბრო, უნდა შეგეძლოს, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, სხვადასხვა წარმოების პროდუქცია ამ ქვეყნიდან გაიტანო დანარჩენ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი, უნდა დაატრენინგო საკუთარი ხალხი, მათ ინტელექტუალური ძალაუფლება სჭირდებათ სამომავლო ინდუსტრიული რევოლუციისთვის.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს პოზიციას რეიტინგებში, როგორც ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business), ისე ინოვაციურობის კუთხით (WEF Ranking), რამდენად შეუძლია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა?

ასეთი რეიტინგები საკმაოდ კარგი საშუალებაა. ხალხს ნდობა სჭირდება იმისთვის, რომ ინვესტირება განახორციელონ. მათ სჭირდებათ კანონის ცოდნა. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ვინმესთან დავა ექნებათ, კანონი მათ მიმართ სამართლიანი იქნება. ეს საერთაშორისო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის გამო მოდის საქართველოში ინვესტიციები. თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება.

თუ გექნებოდათ შანსი, თქვენს სატელევიზიო პროგრამაში საქართველოს როგორ წარმოაჩენდით?

ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. გუშინ ლონდონიდან ჩამოვფრინდი. ძალიან კარგია, რომ საქართველოდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება, თუმცა კარგი გავიგე, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი გქონიათ. კარგი იქნება, თუ საქართველოში ფრენები „ბრიტანეთის ავიახაზებიც“ შემოვა. კონკურენცია ფასებს დაბლა წევს, შედეგად, ხალხს მოგზაურობის საშუალება ეძლევა. ასევე, გჭირდებათ მეტი კავშირები, ასე რომ “თურქეთის ავიახაზები” შესანიშნავ სამსახურს გიწევთ. კარგი იქნება, თუ საქართველოდან უფრო მეტი დედაქალაქის მიმართულებით იქნება ფრენები უფრო ხშირად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, უფასო Wi-Fi, რომელიც ყველგან უნდა იყოს, ასევე, ხალხის დატრენინგება, რომ საზღვარგარეთ გავიდნენ და ქვეყანას პოპულარიზაცია გაუწიონ.