ბრიტანეთში ელექტრომობილებმა შესაძლოა, მწვანე სანომრე ნიშნებით იმოძრაონ

გაერთიანებულ სამეფოში ელექტრომობილების მძღოლებმა მალე შესაძლოა, სპეციალური მწვანე სანომრე ნიშნებით ისარგებლონ. აღნიშნული ცვლილების განხორციელება ახალი გეგმის ფარგლებში მოხდება. მწვანე სანომრე ნიშნები მძღოლებს იმ ბენეფიტებით სარგებლობას გაუმარტივებს, რომელიც ნულოვანი-ემისიის მქონე ავტომობილებისთვის არის დაწესებული, მაგალითად, უფასო პარკირება.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ელექტრომობილებისადმი ინტერესსა და გაყიდვების რაოდენობას გაზრდის, რაც თავის მხრივ ქვეყანას 2050 წლისთვის დასახული მიზნის განხორციელებაში დაეხმარება, რომ მინიმუმამდე შეამციროს გამონაბოლქვის ოდენობა.

გარემოსდამცველი ორგანიზაციების ქსელ „დედამიწის მეგობრებში“ აცხადებენ, რომ უკეთესი ფინანსური ბენეფიტებისა და ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული მეტი დამტენის პუნქტის გარეშე ცვლილებები უმნიშვნელო იქნება.

ავტორი: სალომე აბულაშვილი