„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განუცხადა. როგორც ფერაძემ განმარტა, მოდერნიზაციის შემდეგ გაიზრდება აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთის, „შუა დერეფნის" გამტარუნარიანობა. მისივე თქმით, რკინიგზის მოდერნიზაცია ასევე ხელს შეუწყობს შავი ზღვის პორტების სრულად დატვირთვასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნას.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი დაწყებულია უკვე არაერთი წელია. ჩვენ ვგეგმავთ მომავალი წლის ბოლოს მის დასრულებას. ამით გაიზრდება შუა დერეფნის გამტარუნარიანობა დაახლოებით 27 მილიონ ტონამდე. რაც შეეხება ტვირთების ბრუნვას - შავი ზღვის პორტები, აკვატორია ბოლომდე დღემდე არ იტვირთება და შესაბამისად ველოდებით, რომ შეზღუდვები ამ მხრივ აღარ იქნება", - განაცხადა ფერაძემ.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა წელს ტვირთბრუნვის ზრდას და აღნიშნა, რომ 9 თვის მდგომარეობით რკინიგზამ წინა წელთან შედარებით 52 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო.
„საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის 9 თვის მდგომარეობით უკვე 3.5%-ით მეტი ტვირთი გადაზიდა წინა წელთან შედარებით. ჩვენ წელს 9 თვეში 52 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მივიღეთ და ვფიქრობთ, წლის ბოლოს დაახლოებით 5.5%-ით იქნება საერთო წლიური ზრდა წინა წელთან შედარებით", - განაცხადა დავით ფერაძემ და აქვე დასძინა, რომ წელს დაახლოებით 3.5%-ითაა გაზრდილი ასევე მგზავრთა გადაყვანა და 17%-ით არის გაზრდილი მისი შემოსავლიანობა.