საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა და ის პანელის - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადობა“ ერთ-ერთი სპიკერი იყო.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით თვალაბეიშვილმა პანელის მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. მისი ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას.
„2 დღის წინ პარლამენტმა პირველი მოსმენით ახალი კანონი მიიღო, რომელიც რამდენიმე თვეში საბოლოოდ დამტკიცდება. ეს არის ერთიანი სისტემა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბაზარი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მონოპოლიას ადგილი არ ექნება. ამ მიზნით სპეციალური მექანიზმი ყალიბდება, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას. 2021 წლის დასაწყისში ჩვენ წარმოგიდგენთ ელექტრო პლატფორმას, რომელიც ანალოგიურია სკანდინავიის ქვეყნების. ეს მოთხოვნა ჩადებული იყო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ 3-4 წელიწადში ჩვენ გავხდებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა და მოვიზიდავთ ბევრ ინვესტორს საქართველოში“, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.