„აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის (TCC) ვიცე-პრეზიდენტმა უანგ ლეიმ ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე, საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე და ამ მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უანგ ლეიმ ყურადღება ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის საქართველოში არსებულ პოტენციალზე და რესურსებზე გაამახვილა.
„მომდევნო საუკუნეში ბუნებრივი აირი იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის სექტორისთვის, არამხოლოდ მწვანე გადაწყვეტილებები იქნება მიღწეული, არამედ - ნაკლები ემისია და ნაკლები კვალი. საქართველო ცდილობს წარმატებულად დაიკავოს ხიდის როლი ევროპის მიმართულებით და გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის. ჩვენ პროექტს ვახორციელებთ საქართველოში, ამიტომ კარგად შევისწავლეთ ეს ქვეყანა, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ რეგიონში. ამჟამად, გარდაბანის პროექტზე ვმუშაობთ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით. საქართველოში კარგი რესურსია ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის. განსაკუთრებით ზამთარში ჩვენ ვხედავთ მზარდ მოთხოვნას , რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ჰიდრორესურსები. ელექტრომომარაგების თვალსაზრისით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ელექტრო უსაფრთხოებას ელექტრო საწარმოს აგებით. ჩვენ ვხედავთ რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა სრული წყვეტა ელექტროენერგიის მოწოდების ამ საწარმოს მეშვეობით კვლავ გაგრძელდება ელექტროენერგიის მოწოდება და განაწილება მომხმარებლებზე“, - განაცხადა უანგ ლეიმ.
პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ“, TCC-ის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესიული კადრების მომზადების კუთხით არსებულ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკულ სექტორში, მზარდ მოთხოვნას ვხედავთ ინჟინრებზე, კვალიფიციურ პერსონაზე რაც გააუმჯობესებს პროფესიონალურ მომსახურეობას. იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მივიღეთ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მომავალში გვინდა ხელი შევუწყოთ „სიცოცხლის ციკლის“ პროექტებს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც“, - აღნიშნა ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის წარმომადგენელმა.