სოფელ ძევერაში მეფრინველეობის საწარმო გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იაპონიის მთავრობის მიერ, ,,გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის" ფარგლებში დაფინანსებული მეფრინველეობის საწარმო გაიხსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს გახსნის საზეიმო ცერემონიალს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მეფრინველეობის საწარმო იაპონიის საელჩოსა და ,,ჰეიფერ ინთერნეიშენალ ჯორჯიას" ხელშეწყობით შეიქმნა. პროექტის მიზანია გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ფერმის სისტემის გაუმჯობესება და ფერმის სათანადო აღჭურვით უზრუნველყოფა", - აცხადებენ უწყებაში.

პროექტით გორის რაიონის 900 ადგილობრივი ფერმერი მიიღებს სარგებელს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 90 810 აშშ დოლარს.