დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის ირგვლივ ზიარი სიკეთისთვის გაგაერთიანეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა შესავალ სიტყვაში ყურადღება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე გაამახვილა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველო რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად უნდა იქცეს.
„ძალიან მსიამოვნებს, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის“ მესამე ფორუმზე მოგესალმებით.
ჩვენ შევიკრიბეთ აბრეშუმის გზისადმი ჩვენი ისტორიული ვალდებულების და შესაძლებლობების ხაზგასასმელად, რადგან ოდეს გავერთიანდით კაპიტალდაბანდებისთვის, ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. აი ეს გახლავთ თანამედროვე აბრეშუმის გზის ინიციატივა.
ყველამ ვიცით, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია, რადგან ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს და ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას.
ნება მიბოძეთ აქცენტი გავაკეთო საქართველოზე, რადგან ყველამ სრულად გავაცნობიეროთ, რამდენად თავსებადია ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივასთან ჩვენი ფართომასშტაბიან ეკონომიკურ პროგრამასთან.
ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასის შენება, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
უსაფრთხოებისთვის ძალისხმევის გაერთიანება სჭირდება ძლიერ ეკონომიკას და აქ ჩვენ გთავაზობთ კაპიტალდაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ გარემოს ეფუძნება.
საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა. ჩვენი მიზანია ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან.
ამდენად, საქართველო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები იქონიოს ყველა პარტნიორთან რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ სიღრმისეული გარდაქმნა განიცადა და ყოველივე ამის შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიის დასავლურ პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება.
ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა, ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა განაპირობებდა ქვეყნის გარდაქმნას ახალ რეგიონალურ ცენტრად საინვესტიციო შესაძლებლობების ასათვისებლად“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს, საქართველო გარე სამყაროს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, გადასახადების მცირე რაოდენობასა და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს.
„ჩვენს საგადასახადო სისტემაში ნულოვანი განაკვეთით იბეგრება რეინვესტირებული მოგება. არ არსებობს აქტივების ფასის ნაზარდზე კაპიტალის გადასახადი და არც კაპიტალის რეპატრიაცია იზღუდება. აი ეს ინიციატივა გარდაქმნიდა ჩვენს ქვეყანას ღია საბაზრო ეკონომიკის წყობად და სავაჭრო პოლიტიკად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლიბერალურია.
ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გარდა, საქართველო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობს თურქეთთან, დსთ-სთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან; პრეფერენციების საერთო სისტემა გაგვაჩნია აშშ, კანადასა და იაპონიასთან. ასევე, მოლაპარაკებებს ვიწყებთ ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, ხოლო ისრაელთან თითქმის დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე.
ამ შეთანხმებების არსებული ქსელი საქართველოში მოქმედ სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებს საშუალებას აძლევს გავიდნენ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრებზე.
ძლიერი სავაჭრო ქსელის გარდა, საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებაში, რათა დაკავშირებადობის ხარისხი გაძლიერდეს.
მიზნად გვაქვს დასახული საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად.
საქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში 8 მილიარდ დოლარს გასცდა.
ამასთანავე, საქართველოს წინსვლა დადებითად წარმოჩინდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და შეფასებაში.
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივით. Heritage Foundation-ის თანახმად, 180 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 41-ე ადგილი უკავია და მას რეგიონის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან.
სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები აისახება ბოლო წლების გაუმჯობესებულ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში.
იმედი მაქვს, ყოველივე ეს გვეხმარება საქართველოს ეკონომიკური ხედვა და საინვესტიციო მიმზიდველობა ერთიან კონტექსტში წარმოვაჩინოთ. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალი აბრეშუმის გზის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება საქართველოს ჩათვლით, მისი ყველა მონაწილე ქვეყნისთვის.
ოდითგანვე აბრეშუმის გზაზე შემდგარი მოგზაურები საქართველოში შემოდიოდნენ და ახალ სამყაროს აღმოაჩენდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიონი და ეს ქვეყანა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.