საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.
როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
„ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური საკითხები. გვქონდა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან. ფოკუსირება გავაკეთეთ იმ ქვეყნების ურთიერთობის გაღრმავებაზე, რომელიც ჩვენს კორიდორში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, მათ შორის ბულგარეთი, უკრაინა, ირანი, თურქეთი. შევთანხმდით მრავალი საკითხის კოორდინაციაზე. კორიდორების ნებისმიერი წევრი უჭერს მხარს, რომ მოხდეს კორიდორების დიგიტალიზაცია, რომლის პროცესიც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და ვმუშაობთ. ეს არის მომავალი, ამის გარეშე კორიდორის კონკურენტუნარიანობა ვერ შედგება. ვფიქრობთ, რომ ჩამოვაყალიბოთ სამუშაო ჯგუფი, რაზეც გუშინ შევთანხმდით. სწორედ ეს ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას. ასევე გადაიხედება სატარიფო პოლიტიკა. შესაძლოა, იყოს კორექტირება საჭირო. ჩვენ უახლოეს მომავალში ვასრულებთ კვლევას საბორნე და საფიდერო მიმოსვლის შესახებ. სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით შეგვეძლება პარტნიორებთან ერთად დავსახოთ სამომავლო გეგმები, რომ გავაძლიეროთ კონკურენცია და ტვირთების ნაწილი გადმოვრთოთ ჩვენს კორიდორში. სამუშაო ჯგუფი იქნება ჯერჯერობით სამმხრივი. თუმცა, გუშინ აზერბაიჯანსაც ვესაუბრეთ და ისინიც შემოუერთდებიან ამ ჯგუფს. საჯარო სერვისები და კერძო სერვისები ჩვენ ერთი პლატფორმის ქვეშ უნდა გავაერთიანოთ და დოკუმენტების გარეშე, კომპიუტერზე დაფუძნებულ სწრაფ მუშაობაზე უნდა გადავიდეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ მინიმუმ 20 პროცენტით შემცირდება დრო და ხარჯების ოპტიმიზაციაც მოხდება",- განაცხადა საღირაშვილმა.