ანაკლიას დღეს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრება, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.
"ინტერპრესნიუსს" კითხვაზე, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები აპირებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოების დათვალიერებას, ახვლედიანი აცხადებს, რომ ანაკლიაში დღეს უზბეკეთის ვიცე-პრემიერი ჩავა.
"რა თქმა უნდა, პროექტი საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის. აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ანაკლიაში უზბეკეთის დელეგაციას ვუმასპინძლებთ. მათ ანაკლიაში ჩვენი ჯგუფი დახვდება," - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ასეთი დელეგაციები ხშირად სტუმრობენ ანაკლიას. ორი კვირის წინ ადგილზე იყო დელეგაცია იაპონიიდან, ასევე, იყვნენ შვედები, წინა კვირას კი იყო ნატო-ს დელეგაცია.
"ინტერესი არის და ვაგრძელებთ ყველა დაინტერესებულ პირთან საუბარს ," - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრა უახლოეს დროში შედგება.