„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტაქსების რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს"

დღეის მდგომარეობით, ქალაქში A კატეგორიის დაახლოებით 11 000 ტაქსია რეგისტრირებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მხრივ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტაქსების რეფორმა წარმატებით განხორციელდა.

„ჩვენ განვახორციელეთ ტაქსის რეფორმა, რომელიც მართლაც წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე. დღეს შეგვიძლია კიდევ ერთხელ თამამად ვთქვათ, რომ რეფორმა შედგა, წარმატებით მიმდინარეობს პროცესი. მინდა, სტატისტიკის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. A კატეგორიის ტაქსები ქალაქში დაახლოებით 11 000-ია რეგისტრირებული, რომელიც ქალაქის მოსახლეობას ემსახურება. პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები იყო და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. პირველი დღეების განმავლობაში 2 000-მდე იყო. მაგალითად, გასულ კვირას, მოსახლეობას 8 000-მდე ტაქსი ემსახურებოდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმითვე, მართალია დღეის მდგომარეობით დაახლოებით 11 000-მდე A კატეგორიის ტაქსია რეგისტრირებული, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

„თუ ისინი მოაწესრიგებენ ავტომობილებს და მოიყვანენ იმ სტანდარტში, რაც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რა თქმა უნდა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ A კატეგორიაში ან აქვთ შესაძლებლობა B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა მერმა.

ასევე, კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ტაქსების მანათობლებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებით შეისყიდიან.

„დღეის მდგომარეობით, 9 000-მდე მანათობელი არის გაცემული და მგონია, რომ საკმაოდ ლამაზია, მოუხდა ქალაქს. ასევე, მგზავრებისთვისაც საინტერესოა. ძალიან მარტივად შეუძლიათ განასხვავონ ტაქსი, რომელიც დაკავებულია და რომლის გაჩერების შესაძლებლობა აქვთ მათ. რა თქმა უნდა, თუ კიდევ გაიზრდება რიცხვი A კატეგორიის ტაქსის მძღოლების, დამატებით შევისყიდით მანათობლებს, რომ ყოველგვარი პრობლემების გარეშე მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ეს მანათობლები ჩვენგან“, - განაცხადა კახა კალაძემ.