საქართველოს ეკონომიკა ამტკიცებს თავის მდგრადობას სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური შოკების მიმართ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო კარგი ადგილია ინვესტიციების განხორციელებისთვის.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი მაჩენებლების თვალსაზრისით, ჩვენ 5%-ით ვიზრდებით, საშუალოდ, შემდეგი 5 წლის პერსპექტივით, რაც ძალზე შთამბეჭდავი და სტაბილური, კარგი ინდიკატორია, კარგი გზავნილია ინვესტორთა გლობალური თემისთვის, რომ საქართველო კარგი ადგილია, სადაც ინვესტიციების გაკეთება შეიძლება. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ გახლავთ მხოლოდ ფოკუსირებული, ერთადერთი აქცენტი ჩვენი პოლიტიკის. როგორც პრემიერმა თავის შესავალ სიტყვაში ბრძანა, არა მხოლოდ ზრდის ტემპი, არამედ ზრდის ხარისხი მნიშვნელოვანია. ის უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა შექმნას დამატებითი დასაქმების საშუალებები და ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი იყოს სტრუქტურული რეფორმებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მიმზიდველი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის მიღწევა.
„საქართველო არ გახლავთ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყანა. ჩვენ მცირე ბაზარს წარმოვადგენთ და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მიმზიდველები, ჩვენი ბიზნეს მოდელი, ჩვენი ბიზნეს კლიმატი, ხედვა და პოლიტიკა სრულიად ეფუძნება გახსნილობასა და უპირატესობის მინიჭებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია სტაბილურობის, პროგნოზირებადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა“, - განმარტა მინისტრმა.