მაია ცქიტიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ დირექტორ ფლავია პალანცას შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. ასევე, აღნიშნეს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადგომის უდიდესი მნიშვნელობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.

თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.