გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების თაობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორამციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ირაკლი ბერიძის განცხადებით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საუბარი მიმდინარეობს. საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიმართ და საქართველოს პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით, რომ ჰაბი გახდეს. ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა მუშაობს ეროვნულ სტრატეგიებზე, ახორციელებენ ინვესტიციებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დიდი მოძრაობის ნაწილი ხდება. საქართველოს დიდი პროგრესი აქვს. მოხარული ვიქნები, რომ საქართველოს დახმარება გავუწიოთ და დაარსდეს ხელოვნური ინტელექტის ცენტრები, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები საქართველოში“. - განაცხადა ირაკლი ბერიძემ.
გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ხელოვნურ ინტელექტს დიდი პოტენციალი გააჩნია.