"ბანკმა რესპუბლიკამ" სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვირტუალური ფილიალი შექმნა

"ბანკმა რესპუბლიკამ" სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვირტუალური ფილიალი შექმნა.

როგორც "ბანკი რესპუბლიკას" საცალო-საბანკო მომსახურების უფროსი მაია სიჭინავა აცხადებს, 2013 წელს ბანკმა ბრენდის ახალ პლატფორმაზე გადაინაცვლა, სლოგანით "ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია". მისივე თქმით, პირველად საქართველოში ბანკმა შექმნა ვირტუალური ფილიალი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

"ვირტუალურ ფილიალში თქვენ თავს იგრძნობთ ისე, როგორც რეალურ ფილიალში, შეძლებთ მიიღოთ მომსახურება, ინფორმაცია ნებისმიერ საბანკო პროდუქტზე, შეავსოთ განაცხადები, გამოხატოთ საბანკო პროდუქტების შეძენის სურვილი, ონლაინ რეჟიმში ესაუბროთ "ბანკ რესპუბლიკის" კონსულტანტებს, მიიღოთ კვალიფიციური ინფორმაცია ბანკის მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ", - აღნიშნა მაია სიჭინავამ.

მისივე თქმით, დღეისათვის "ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალი" მომხმარებელს მომსახურებას 40 ფილიალსა და სერვის ცენტრში უწევს. საცალო საბანკო მომსახურების უფროსის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც არ აქვს დრო, თუნდაც ყველაზე ახლო მდებარე ფილიალს ესტუმროს და მომსახურება მიიღოს, შეუძლია თავისი კომპიუტერიდან ვირტუალური ფილიალით ისარგებლოს.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ვირტუალური ფილიალის საშუალებით შეუძლებელი იქნება ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება, ის ძირითადად საინფორმაციო დატვირთვას ატარებს.

"ბანკ რესპუბლიკის" ციფრული მედიის განვითარების სპეციალისტის, ნიკოლოზ შოთაძის განმარტებით, ვირტუალური ფილიალის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საბანკო ექსპერტებთან კონსულტაციაა. მისივე თქმით, ფილიალი დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამადე იმუშავებს. თუმცა, მომხმარებელთა მოთხოვნისამებრ შესაძლოა, სამუშაო დრო გაიზარდოს.

ვირტუალური ფილიალის პოვნა შესაძლებელია სოციალურ ქსელში facebook.com/bankrepublic ან ვებგვერდზე br.ge/virtualbranch.