„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს, რადგან ეს პრობლემის გადაწყვეტაა"

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მეტრო მგზავრთნაკადის გადაყვანას შეუფერხებლად ახორციელებს და პრობლემა მხოლოდ პიკის საათებში ფიქსირდება.

„ბოლო წლების განმავლობაში მეტროში მუდმივად ხდება ნაკადების ზრდა. ეს კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური ფაქტორი, რაც იწვევს უფრო მეტ მგზავრობას. ჩვენი რეაგირება გამოიხატება იმაში, რომ იზრდება მეტროში შემადგენლობების რაოდენობა. კახა კალაძის დაპირება იყო 12 შემადგენლობის დამატებაზე, რაც წლის ბოლომდე დამატებული იქნება. 10 უკვე დამტებულია. ეს არის უფრო დიდი რაოდენობით მგზავრის გადაყვანა. გარდა ამისა, ვმუშაობთ მიწისზედა მეტროს შესახებ, მაგრამ უფრო მეტი პოტენციალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების ზრდის გვაქვს მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში. დიდი რაოდენობით ავტობუსები ჩამოსულია და წლის ბოლომდე 200 ერთეული ჩამოვა. მომავალ წელს კი კიდევ 200 ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა. ვერ ვიტყვით, რომ მერია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. დღევანდელ ნაკადებს მეტრო აუდის, მაგრამ პრობლემა არის ერთ კონკრეტულ სადგურზე, რომელიც გადასაჯდომია ერთი ხაზიდან მეორეზე და იქ არის პიკის საათებში გადატვირთულობა. პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს სწორია და რაც მთავარია, შედეგიანი გამოდგა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები",- განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება ტაქსებს, როგორც ხმალაძე ამბობს, ფასები დასტაბილურდა.

"აპლიკაციის ტაქსის ტარიფები დღითიდღე იცვლება და მერყეობს. კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ფასები არ გაუზრდიათ. რაც შეეხება ქუჩის ტაქსს, მერიის მონიტორინგის ჯგუფიც აწარმოებს საკონტროლო მგზავრობებს და ვაკვირდებით ფასებს. ბაზარზე როდესაც მიწოდების რაოდენობა იზრდება, მოხმარებასთან და მოთხოვნასთან ბალანსში ქმნის გარკვეული ფასის ზღვარს. მიწოდების ზრდა უკვე დაფიქსირდა ბოლო დღეების განმავლობაში და დღესაც ზრდა გვაქვს მიწოდების. რაც შეგვიძლია მყარად ვთქვათ, ფასების სტაბილიზაციისკენ მიდის ტაქსის ბაზარი, დღესაც დასტაბილურებულია და კიდევ უფრო მეტად დაბალანსდება ფასები. ამის პრობლემა არ არის", - განაცხადა ხმალაძემ.